გლოსოლალიები (ბერძნ.glōssa – ენა და laliá – ლაყბობა, ფუჭსიტყვაობა), შინაარსმოკლებული (ან შინაარსდაკარგული) სიტყვები და მარცვლები, რ-ებზედაც ხდება გამღერება.
გ. ხშირია ქართულ ხალხურ მუსიკალურ ნაწარმოებებში (ვოდელია, ვარალო, არუდილა, ჰარუდილა, რიმტირი, აბარერა, ვაჰე, არალე და ა. შ.). გ-ს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მრავალხმიან სიმღერებში რეფრენისა და მისამღერის სახით. გურულ პოლიფონიურ სიმღერებში კი ბანი და მაღალი ხმა თითქმის მთლიანად გ-ს ემყარება.
თავისებური გ. ახასიათებს კრიმანჭულს, გამყივანს, ბანს. ზოგიერთი ქართ. ხალხ. სიმღერა მთლიანად გ-ზეა აგებული (სვანური „შინა ვორგილი", „გურული ღიღინი", „აბადელია" და სხვ.). გ-ის ძირების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს, მათში შეიძლება შემორჩენილი იყოს უძველესი დროის ტერმინები (ზოგჯერ გვხვდება ურარტული წარმოშობის სიტყვები. მაგ., არალე ღვთაების სახელია; ივრი არალე – ღმერთო არალე, თარი არალე – დიდი არალე, არი არალე – მომეც წყალობა არალე.
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში გ-ს „გამოთქმები" ეწოდება.
ლიტ.: ს ვ ა ნ ი ძ ე ალ., შესავალი ალაროდიელ ტომთა ისტორიიდან, ტფ., 1936; შ ი ლ ა კ ა ძ ე მ., გლოსოლალიები ქართულ ხალხურ სიმღერებში, «ქართველური მემკვიდრეობა», III, ქუთ., 1999.
ი. ჟორდანია