დოდოთის ცხრაკარა

დოდოთის ცხრაკარა X ს. დასაწყისი

დოდოთის ცხრაკარა, X ს. დასაწყ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი.

მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში, მდ. ფრონის ხეობაში, სოფ. ზემო დოდოთის მახლობლად. ძლიერ დაზიანებულია.

ნაგებობა წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას გარშემოსავლელით. ნაგებია სუფთად გათლილი ღვინისფერი ქვის კვადრების სწორი რიგებით, ურევია უხეშად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვებიც. სამხრეთის კარი შემკულია მოჩუქურთმებული სათაურით. კარის გვერდზე ამოკვეთილი წარწერიდან ჩანს, რომ ეკლესია X ს. დასაწყისში აუგია ტბელ ერისთავს ივანეს. X ს. დასასრ. ან XI ს. დასაწყისში კი მისთვის ქავთარ ტბელს გარშემოსავლელი მიუშენებია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დოდოთი ტბელ ფეოდალთა სამფლობელოს შემადგენლობაში შედიოდა. განსაკუთრებითაა გამოყოფილი გარშემოსავლელის სამხრ. ნაწილში არსებული ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი. თაღებს შორის მრგვალი სვეტია, რ-იც მოჩუქურთმებული კაპიტელითაა დასრულებული. შესასვლელი შიგნითაც და გარედანაც უხვადაა მოჩუქურთმებული გეომ. და სტილიზებული მცენარეული ორნამენტით. ასევე იყო მორთული დას. შესასვლელიც.

დოდოთის ეკლესიის გარშემოსავლელის ჩუქურთმები შესრულების ხარისხითა და სირთულით გამოირჩევა მთლიანი ეკლესიის მორთულობისაგან.

ლიტ.: М е п и с а ш в и л и  P. С., Ц и н ц а д з е  В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии – Шида-Картли, Тб., 1975.

რ. მეფისაშვილი

ვ. ცინცაძე