„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ (ესკო), შპს, ელექტროენერგიით (სიმძლავრით) საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე სახელმწიფო საწარმო, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მემკვიდრე რ-იც ფუნქციონირებდა 1999–2006 წლებში. ესკო-მ ფუნქციონირება დაიწყო 2006 წ. 1 სექტემბრიდან „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში 2006 წ. 9 ივნისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე; ახორციელებს ელექტროენერგიითა და სარეზერვო სიმძლავრით საბითუმო ვაჭრობას საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დადგენილი ტარიფით. მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ყიდვა- გაყიდვა (მ. შ. იმპორტსა და ექსპორტზე საშუალო და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმების გზით); ბ) ელექტროენერგეტიკული სისტემის სარეზერვო სიმძლავრით უზრუნველყოფა ამ კანონითა და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით" განსაზღვრული წესით; გ) საქართველოს ერთიან ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მიწოდება-მოხმარების დაგეგმვის მიზნით დისპეტჩერიზაციის სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა; დ) საბითუმო ყიდვა-გაყიდვის შესახებ ერთიანი ბაზის, მ. შ. აღრიცხვიანობის ერთიანი რეესტრის შექმნა და წარმოება; ე) მიღებული ინფორმაციის მიხედვით ელექტროენერგიის გამყიდველების, მყიდველების, მათ მიერ გაყიდული და შესყიდული ელექტროენერგიის რაოდენობების განსაზღვრა და ანგარიშსწორებისათვის ინფორმაციის წარდგენა; ვ) კანონით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება, მ. შ. მრიცხველების სავალდებულო კონტროლი. დიდია ესკო-ს როლი საქართველოს ელექტროენერგიით სტაბილურ მომარაგებაში, მ. შ. საგანგებო სიტუაციებშიც. ესკო უფლებამოსილია გააფორმოს განზრახულობათა მემორანდუმი ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით მშენებარე ან რეკონსტრუქციაში მყოფ ელექტროსადგურებთან. ამასთან იგი ვალდებულია, ალტერნატიულ ან განახლებად ენერგიაზე მომუშავე ახალი ელექტროსადგურის აშენების შემთხვევაში, გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულად ან ნაწილობრივ შესყიდვაზე. ესკო-ს შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს კვალიფიციური საწარმოების მიერ გადახდილი მომსახურების საფასური, რ-საც ადგენს სემეკი.
დ. ჩომახიძე