დონის მონასტერი

დონის მონასტერი მოსკოვი

დონის მონასტერი მოსკოვში, რუსული კულტურის ძეგლი მოსკოვის ცენტრის სამხრეთ-დასავლეთით, ძვ. კალუგის გზატკეცილთან.

დაარსდა 1591 ივლისში გამარჯვების აღსანიშნავად იმ ადგილზე, სადაც რუსეთის ჯარმა ყირიმის ხანის ყაზი-გირეის ლაშქარი დაამარცხა და სადაც რუს მეომართა მფარველი დონის (ივერიის) ღვთისმშობლის ხატი იყო დასვენებული. დ. მ. სტავროპიგიალური (ადგილობრივი ეპარქიული ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი) იყო.

1591–93 მონასტერში მცირე ტაძარი ააშენეს, რ-საც შესწირეს სოფლები. 1675–78 აშენდა სატრაპეზო, 1679 – სამრეკლო, 1684–93 – დიდი ტაძარი. ჩამოყალიბდა შესანიშნავი არქიტ. ანსამბლი. 1686–1711 ქვის გალავანი შემოავლეს. 1801–27 აქ განთავსებული იყო სასულიერო ცენზურის მოსკ. განყ-ბა, პატრიარქის რეზიდენცია. იგი ადრიდანვე იქცა რუს არისტოკრატთა განსასვენებლად.

დ. მ-თან ქართველთა ურთიერთობის შესახებ დოკუმენტები XVII ს-იდან მოგვეპოვება. 1685-იდან რუს. აღმოსავლურ პოლიტიკასთან მჭიდროდ დაკავშირებული ამ იდეური ცენტრით დაინტერესდა მეფე არჩილ II. აქედან დაწყებული დ. მ-მა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა მოსკ. ქართ. ახალშენის ცხოვრებაში. XVIII ს. დასაწყისიდან დ. მ-ში კრძალავდნენ მოსკოვში გარდაცვლილ ქართველებს.

1705 დ. მ-ში არქიმანდრიტად დაინიშნა ცნობილი საეკლ. მოღვაწე და დიპლომატი ლავრენტი (გაბაშვილი). მის დროს მოწესრიგდა დ. მ-ის მეურნეობა, განმტკიცდა სამონასტრო ცხოვრების წესი, გაფართოვდა კულტ. საქმიანობა. 1711 დ. მ-ის მთავარი ტაძრის ქვედა სართული მან არჩილ II-ს გადასცა და იქ შვედეთიდან გადმოსვენებული მისი ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი დააკრძალვინა; ნოვოდევიჩ-ის მონასტრიდან დ. მ-ში გადაასვენებინა არჩილის ვაჟები – დავითი და მამუკა, აგრეთვე რძალი ფ. მილოსლავსკაია.

1712 სექტ-ში არჩილმა უფლის მირქმის საყდარი ააშენებინა და აკურთხებინა, ასევე საფუძველი ჩაუყარა პანთეონს, სადაც შემდგომში დაიკრძალნენ თავად მეფე არჩილი, ქეთევან დედოფალი, დარეჯან ბატონიშვილი (არჩილ II-ის ასული). იმავე საყდარში არქიმანდრიტ ლავრენტის დაკრძალვის შემდეგ (1720) მთავარი ტაძრის ქვედა სართულზე არსებული ქართველთა პანთეონი გაფართოვდა. 1730 საყდრის კედელთან დამარხეს არჩილ II-ის თანამებრძოლი, მწერალი მათე.

მონასტერში დარეჯან ბატონიშვილის აღმშენებლობითი სამუშაოების ჩატარების შედეგად მირქმის ტაძარი კიდევ უფრო გაფართოვდა. 1750 აქ დაკრძალეს მეფისწული ბაქარი. აქვე მიუჩინეს განსასვენებელი ვახტანგ VI-ის ამალის წევრებს: ამილახვრებს, დადიანებს, დავითაშვილებს და სხვ. აქ არიან დაკრძალული მ. ი. დავითაშვილი (არითმეტიკის სასწ. წიგნის შემდგენელი), გიორგი ბატონიშვილი (ვახტანგ VI-ის ძე). გაფართოებულ პანთეონსა და მონასტრის ეზოში XIX ს-ში და შემდეგაც რუსეთში მცხოვრები მრავალი ქართველი საერო და სას. მოღვაწე დაკრძალეს, მ. შ. სენატორი, გენ.-მ. მ. კ. ბაგრატიონი.

დ. მ-ის შესწავლა XVIII ს-იდან დაიწყო. 1792 ლ. მაქსიმოვიჩმა გამოაქვეყნა მისი აღწერილობა. ქართვ. მოღვაწეთა ეპიტაფიები გამოსცა მ. ბროსემ. ი. ზაბელინმა, რ-იც სარესტავრაციო სამუშაოებსაც ხელმძღვანელობდა, მონასტერს მიუძღვნა ვრცელი გამოკვლევა.

ქართვ. საზ-ბა დ. მ-ით XX ს. დამდეგს დაინტერესდა. ქართ. პრესაში წამოიჭრა საკითხი პანთეონის დაცვის, ვახუშტის საფლავის ქვის განახლების, ეპიტაფიების ახ. წარწერებით შეცვლის შესახებ. 1912 მწერალმა კ. თათარაშვილმა მონასტერში მოაწყო ექსპედიცია. ამავე თემას გამოეხმაურნენ ი. ტატიშვილი, ს. კაკაბაძე, ბ. ესაძე. XX ს. 20-იან წლებში დ. მ-ში გაიშალა სარესტავრაციო სამუშაოები. 30-იანი წლებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მოსკოვში არსებულ ქართ. ძეგლებს (ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, ნ. ბერძენიშვილი, ა. სვანიძე). II მსოფლიო ომის შემდეგ დ. მ-ში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაო და მოეწყო გამოფენა „ქართველთა კოლონია მოსკოვში". გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის აღსანიშნავად საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის წინადადებით, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტის არქეოლ. ცენტრისა და ხალხთა მეგობრობის მუზეუმის გაერთ. ექსპედიციამ დ. მ-ის მირქმის ტაძარში 1983 აპრ-იდან ნოემბრამდე რამდენიმე ათეული აკლდამა გახსნა. მათი შესწავლის შემდეგ ყველა ნეშტი ხელახლა დაკრძალეს. აქ მოპოვებული სამარხეული მასალა ინახება საქართველოს ეროვნ. მუზეუმის ძველ და მიმდინარე ფონდში.

ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფრ., მოსკოვში ქართველ მოღვაწეთა პანთეონის ისტორიისათვის, «საბჭოთა ხელოვნება », 1981, №12; ტ ა ტ ი შ ვ ი ლ ი ვ., ქართველები მოსკოვში, გამოც. მე-2, თბ., 1959; З а б е л и н И., Историческое описание Московского ставропигиального Донского монастыря, М., 1893; Э с а д з е Б., Летопись Грузии, в. 1,Тфл., 1913.

ფ. სიხარულიძე