დროზოფილა

დროზოფილა

დროზოფილა (Drosophila), ორფრთიანების რიგის 3,5 მმ-მდე სიგრძის მწერი.

აქვს გამობურცული სხეული, წითელი თვალები. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში. გვხვდება ყველგან, განსაკუთრებით ბოსტნეულისა და ხილის საწყობებში.

მატლი ვითარდება ლპობად, ხშირად ნახევრადთხიერ მცენარეულ ნარჩენებში. ლაბორ. პირობებში ადვილად მრავლდება და სწრაფად ვითარდება. მთელ რიგ სახეობებს (უმთავრესად ჩვეულებრივ ხილის ბუზს – D. melanogaster) ახასიათებს შთამომავლობაში ნიშან-თვისებათა მკაფიო დათიშვა, რის გამოც დ. გენეტ. გამოკვლევების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. დ-ზე დაკვირვებით შესწავლილია მუტაგენეზის პროცესები და მიღებულია პირველი ექსპერ. მუტაციები. ექსპერ. პირობებში ხელოვნ. არეზე დ-ის მატლი სწრაფად ვითარდება და 7–10 დღის შემდეგ უკვე გვაძლევს შედეგს.

ზრდასრულ დ-ზე ან მის მატლზე რენტგენის სხივების ან რადიოაქტიური გამოსხივების მოქმედებით შთამომავლობაში მიიღება მრავალი მუტაცია – თვალის პიგმენტები ქრება, ფრთები განუვითარებელი რჩება, ერთ-ერთი ანტენის ნაცვლად შეიძლება განვითარდეს მახინჯი კიდური, მიიღება დიდი ზომის ბუზი ან მახინჯი ეგზემპლარები და სხვ. ცდების შედეგი საფუძვლად დაედო მრავალ მნიშვნელოვან მეცნ. კანონზომიერებას. ბუნებრივ პირობებში დ. საფუარი სოკოების სპორების გადამტანია.