დურაჯი (Francolinus francolinus), ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა.
მასა 400–500 გ. ტანად მომცროა, შეფერილობით ჭრელი, დაყვება მომწვანო-მორუხო ზოლები; მამლის მუცლის მხარე შავია, გვერდებზე აქვს თეთრი კოპლები, ყელზე – ჟანგისფერი „რგოლი", „ლოყები" – თეთრი.
გავრცელებულია კ. კვიპროსიდან ინდოსტანამდე, სამხრ.-აღმ. ამიერკავკასიასა და სამხრ.-დას. თურქმენეთში. საქართველოში ბინადრობდა ივრისა და ალაზნის ნაპირას. ამჟამად მცირე რაოდენობითაა ივრისპირებში.
ცხოვრობს მდინარისპირა ბუჩქნარში, ველ-მინდვრებში, ყანებსა და ნაყანევებში. მონოგამია. ბუდეს მიწაზე იკეთებს: აპრილში დებს 12-მდე (უფრო ხშირად 7–9) კვერცხს, კრუხად ზის 20 დღ-ღ განმავლობაში, მამალი კი დარაჯობს.
იკვებება როგორც მცენარეული (კვირტები, თესლი, ხილ-კენკრა), ისე ცხოველური (მწერები, ლოკოკინები, პატარ-პატარა ხვლიკები და სხვ.) საკვებით.
დ-ის რაოდენობა მთელი არეალის ფარგლებში მკვეთრად კლებულობს დიდთოვლობის შემდეგ, ბალახეულისა და ბუჩქნარის გადაწვის, შხამქიმიკატების განუკითხავად ხმარების შედეგად. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
რ. ჟორდანია