გორის ციხე

გორის ციხე საერთო ხედი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან

გორის ციხე, ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდ. ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლ. მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში გაშენებული ყოფილა ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ცხოვრობდა. პირველად იხსენიება IX–X სს. თხზულებაში. გ. ც. მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა, მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტ. ბატონობას მთელ შიდა ქართლზე. საუკუნეების მანძილზე გ. ც. არაერთხელ განახლებულა და გადაკეთებულა. XII–XIV სს-ში ის საკმაოდ გამაგრებულ ციხედ ითვლებოდა. გიორგი ბრწყინვალემ ოსთაგან მის განთავისუფლებას 3 წელი მოანდომა. თემურლენგის ისტორიკოსები ნიზამ ალ-დინ შამი და შერეფ ალ-დინ იეზდი XV ს. დასაწყისში გ. ც-ს „უაღრესად მკვიდრ და საგულდაგულოდ გამაგრებულ ციხესიმაგრედ" წარმოგვიდგენენ. XV ს. 70-იან წლებში ის ხით ნაგები ყოფილა, 1478 კი ოსმალებმა ქვით ააშენეს. 1599 ციხე სიმონ I-მა დაანგრევინა, 1614 შაჰ აბასის ბრძანებით გ. ც. აღადგინეს და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენეს. ძირითადი ნაწილი XVII ს. 30-იან წლებში როსტომ მეფეს აღუდგენია. 1774 იგი საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) პირველ წლებში გ. ც. კიდევ ასრულებდა თავის სტრატეგიულ ფუნქციას, აქ რუს. არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდ. მნიშვნელობა. ერეკლე II-ის მიერ რესტავრირებული ციხე ერთი საუკუნის განმავლობაში თანდათან ინგრეოდა მისი აღდგენა განიზრახა გორის კეთილმოწყობის დიდმა მოამაგემ, გადამდგარმა გენერალმა ივანე ამილახვარმა. მას სურდა გ. ც. თავად-აზნაურთა გასართობ ადგილად გადაექცია – საკუთარი სახსრებით მოაწყო მისასვლელი გზა, ცემენტის კიბე, გააშენა ბაღი და გაიყვანა წყალი. გ. ც. ძლიერ დაზიანდა 1920 მიწისძვრის შედეგად. 50-იან წლებში ის ნაწილობრივ აღადგინეს, შემდგომ კი პერიოდულად ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები. გ. ც-ის აღმ. მონაკვეთში დგას XI–XII სს. დარბაზული ეკლესია.

ლიტ.: ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., გორის ისტორია, I (1801 წლამდე), თბ., 1994.

ჯ. გვასალია

ე. მამისთვალიშვილი