დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსდა 1949, საჯარო დათვალიერებისათვის გაიხსნა 1953 წ. 30 ნოემბ.
1949-იდან დაიწყო მუზეუმისთვის განკუთვნილი იმ ძვ. საფოსტო შენობის რეკონსტრუქცია, რ-იც მდებარეობს დუშეთზე გამავალი ძვ. სამხედრო გზის ნაპირას. ცნობილია, რომ აქ გაჩერებულან ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ა. გრიბოედოვი, ა. დიუმა (მამა) და სხვა ცნობილი მოღვაწეები.
დ. მ. მ-ში თავმოყრილია მრავალი საინტერესო ექსპონატი ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთ-გუდამაყრისა და არაგვის, ქართლის ისტ.-ეთნოგრ. წარსულიდან; ადგილობრივი წარმოების საომარი თუ სამეურნეო იარაღები. დ. მ. მ. შედგება 2 განყ-ბისაგან. ისტორიულ-არქეოლოგიურ განყოფილებაში თავმოყრილია ქ. დუშეთისა და მდ. არაგვის აუზის ტერიტორიაზე მოპოვებული მასალები უძველესი დროიდან, ქვის ხანიდან – გვიან შუა საუკუნეებამდე. არქეოლ. მასალა ასახავს მდ. არაგვის აუზში მცხოვრები მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას, მატერ. და ნივთიერ კულტურას, რწმენა-წარმოდგენათა თავისებურებებს სხვადასხვა ეპოქაში; განსაკუთრებით სრულადაა წარმოდგენილი ადრე, შუა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანის მასალები. ეთნოგრაფიულ განყოფილებაში დაცულია ეთნოგრ. ყოფის ამსახველი მასალები (ქსოვილების ნიმუშები, აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს. ფარდაგები, ხალხ. სამოსი და აქსესუარები, მინის და კერამ. ჭურჭელი, მ. შ. მოჭიქული კერამიკა); აგრეთვე დ. ერმაკოვისა და ა. როინაშვილის მიერ გადაღებული XIX ს. ფოტომასალა და სხვ.
მუზეუმის საერთო ფართობია 402 მ², მ. შ. საექსპოზიციო-საგამოფენო –159 მ², საფონდო – 105 მ² . მუზეუმში დაცულია დაახლ. 6,5 ათ. ექსპონატი.
თ. პატაშური