„გრუზინ“

„გრუზინ“ (Грузин), რუსულ ენაში დამკვიდრებული ქართველების აღმნიშვნელი ეთნიკური ტერმინი. მომდინარეობს აღმოსავლურ ენებში (კერძოდ, სპარსულში, არაბულსა და სირიულში) გავრცელებული ქართველების აღმნიშვნელი სახელწოდებისაგან – „გურჯი" (სპარს.), „ჯურჯი" (არაბ.) და „გურზი" (სირ.). მეცნიერთა აზრით, შესაბამისი აღმოსავლური სახელწოდებებიდან წარმოქმნილი და უკვე XIV ს. დასასრულს რუს. საისტორიო წყაროებში ნახსენები ქართველების აღმნიშვნელი ტერმინი „გურზი" თანდათანობით ტრანსფორმირდა „გრუზად" და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტერმინებად – „გ." და „გრუზია" (საქართველო). „გ-ის“ სპარს.-არაბულიდან მომდინარეობის შესახებ პირველად აღნიშნა პლ. იოსელიანმა 1844. იგივე მოსაზრება გამოთქვა ფრანგმა ქართველოლოგმა მ. ბროსემაც თავისსავე გამოცემულ „საქართველოს ისტორიის" (1858; ფრანგულ ენაზე) შესავალში. რუს. „გ-ის" აღმოსავლური („გურჯ", „ჯურზ", „გურზ") წარმომავლობის შესახებ წერდა ნ. მარიც 1905 გამოქვეყნებულ ნაშრომში. საგანგებოდ ჩატარებული მეცნ. კვლევა-ძიების შედეგად იმავე დასკვნამდე მივიდნენ ს. ჯანაშია, გ. წერეთელი, კ. წერეთელი, იუსტ. აბულაძე და გ. პაიჭაძე. დღეისათვის არსებული მოსაზრება ზემოაღნიშნული რუს. ტერმინის (ისევე როგორც ახ. ევროპული Georgian და Georgian) სპარს.-არაბ.-სირიული წარმომავლობის შესახებ გაზიარებულია სხვა ევრ. ქართველოლოგებისა და აღმოსავლეთმცოდნეების მიერაც (გ. დეეტერესი, კ. თუმანოვი, დ. [ლანგი, ჟ. გარიტი, შ. კანიუიე). ტერმინი "გ." (ისევე როგორც „გრუზია") რუს. ენის მეშვეობით გავრცელდა როგორც უკრაინულ და ბელორუსულ, ასევე დანარჩენ სლავურ ენებშიც. ეს ტერმინები იხმარება ყოფილ სსრკ-ის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ არასლავურ რესპუბლიკასა და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში (იაპონია, ისრაელი და სხვ.).

ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე  ი., ტერმინ „გურჯის" ეტიმოლოგიისათვის, აკად. ნ. მარის სამეცნიერო მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კრებული, თბ., 1934; ბ რ ო ს ე  მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 1, ტფ., 1895; წ ე რ ე თ ე ლ ი  გ., საქართველოს ირანულ სახელწოდებათა ისტორიისათვის, კრ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური ტერმინოლოგია, თბ., 1993; წ ე რ ე თ ე ლ ი  კ., „ქართველისა" და „საქართველოს" აღმნიშვნელი ტერმინები არამეულსა და ებრაულში, იქვე; ჯ ა ნ ა შ ი ა  ს., თუბალ-თაბალი, ტიბარენი, იბერი, შრომები, ტ. 3, თბ., 1959; И о с е л и а н и  П. И., Различные наименования грузин, «Журнал Министерства внутренних дел», Тфл., 1844, VI; М а р р  Н. Я., Крещение армян, грузин и аланов святым Григорием (арабская версия), «Записки Вост. отделения императорского Русск. археол. об-ва», т. 16, СПб., 1905; П а й ч а д з е  Г. Г., Название Грузии в русских письменных исторических источниках, Тб., 1989;B r o s s e t  M., Histoire de la Géorgie depuis l'antiquité jusqu'au XIX siècle, SPb., 1858.

გ. ლორთქიფანიძე