ერისთავი თამარ ლევანის ასული (30. IV. 1932, თბილისი, – 8. I. 2014, იქვე), პოეტი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1956). 1960–73 მუშაობდა თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტში ინგლისური ენის კათედრაზე. 1974–93 ხელმძღვანელობდა მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ახალგაზრდა მთარგმნელთა სექციას. მონაწილეობდა მსოფლიო ლიტ-რის ბ-კის რედკოლეგიისა და შექსპირის სრული ქართ. გამოცემის რედკოლეგიის მუშაობაში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1954. ე-ის პოეტურ კრებულთაგან აღსანიშნავია „იარე მზეზე” (1965), „ლექსები” (1975), „იალკიალი” (1981), „ლექსები” (1984), „ვარსკვლავიანი ცის ქვეშ” (1986). მის ლექსებში გაცოცხლებულია საქართვ. ისტ. გმირთა სახეები („ცოტნე დადიანის მოლანდება”, 1969; „გორგასლის დაბრუნება”, 1967 და სხვ.), წარსულის სურათები („ძველ სამარხებთან”, 1976; „კავთის ციხესთან”, 1969; „ზმანება ვანის სამარხთან”, 1972). ე-მა ფეხით შემოიარა ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე; უშუალოდ ნანახი და განცდილი ასახა ციკლებში: „ფშავ-ხევსურეთი”, „მთათუშეთში”, „სვანეთის მთებში”, „ჩემი იმერეთი” და სხვ. 2010 გამოიცა პოეტის ლექსების სრული კრებული „რაც იყო – იყო, რაც არის – არის”. საინტერესოა ე-ის წიგნი «ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ანუ „ვეფხისტყაოსნის” სიუჟეტის მეორე განზომილება» (1995). თარგმნა და შეადგინა შოტლანდიური პოეზიის ანთოლოგია (1979), თარგმნა აგრეთვე რ. ბერნსის ლექსები (1959), „ლირიკა” (1964), ჯ. ბაირონის, ჟ. პრევერის, მ. ლერმონტოვის, ნ. ტიხონოვისა და სხვათა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.