ზამბახიძე ლაზარე გრიგოლის ძე

ზამბახიძე ლაზარე გრიგოლის ძე (10. VII. 1942, თბილისი, – 6. II. 2008, იქვე), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1985). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1964). 1968-იდან მუშაობა დაიწყო იქვე. 1969–84 იყო ქართული ენციკლოპედიის მთ. სამეცნ. რედაქციის ფიზიკა-მათ. და ტექ. რედაქციის უფრ. სამეცნ. რედაქტორი, 1978–2006 – თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტის დეკანი, 1998–2005 – თსუ-ის ალგებრა-გეომ. კათედრის გამგე. ზ-ის კვლევის ძირითადი მიმართულებაა ტოპოლოგია. აღსანიშნავია მის მიერ მიღებული შედეგები ტოპოლოგიურ სივრცეთა განზომილებისა და განზომილების აქსიომატურ თეორიაში, ასევე ტოპოლოგიურ ჯგუფთა თეორიაში. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2002) და ღირსების ორდენი (2003).