ეროვნული ბანკი საქართველოსი, საქართველოს ცენტრალური ბანკი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. ე. ბ-ს უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება, ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები. ე. ბ. დაფუძნდა თბილისში 1991 საქართვ. უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს (უზენაესი საბჭო) მიერ სსრკ სახელმწ. ბანკის საქართვ. რესპ. კანტორის ბაზაზე. თავდაპირველად მისი საქმიანობა რეგულირდებოდა საქართვ. რესპ. 1991 წ. 2 აგვ. კანონით „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ”. საქართვ. პარლამენტმა 1995 წ. 23 ივნისს მიიღო ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”, რ-იც ახ. რედაქციით ჩამოყალიბდა 2009 წ. 24 სექტემბერს. ე. ბ-ის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება, აგრეთვე ფინანს. სისტემის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. ე. ბ-ის ძირითადი ფუნქციებია: ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტ. შემუშავება და განხორციელება; კომერციული ბანკების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების, საკრედიტო კავშირების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის ზედამხედველობა; ოფიც. საერთაშ. რეზერვების ფლობა, შენახვა და განკარგვა; საგადახდო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ფულის ნიშნების ემისია; საერთაშ. სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად ქვეყნის ფინანს. და საგარეო სექტორის სტატისტ. წარმოება და გავრცელება. ე. ბ. თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, დამოუკიდებელია ეკონომიკურადაც და ყველა ხარჯს საკუთარი შემოსავლით უზრუნველყოფს. ე. ბ. საქართველოს წარმოადგენს ყველა საერთაშ. არენაზე და ორგანიზაციაში. მის საქმიანობას წარმართავს ე. ბ-ის საბჭო, რ-შიც შედის შვიდი წევრი: საბჭოს თავ-რე (ბანკის პრეზიდენტი), ორი ვიცე-პრეზიდენტი და ოთხი სხვა წევრი, რ-თაც ირჩევს საქართვ. პარლამენტი 7 წლის ვადით. საბჭო ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას უწევს ე. ბ-ის მთელ საქმიანობას.