ეროვნული სასწავლო გეგმა, დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისთვის საათების განაწილების, სასწავლო გეგმის ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ და მაქს. დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რ-თაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას. ე. ს. გ-ის შემუშავება დაიწყო 2006. ე. ს. გ-ით გათვალისწინებულია დამატებითი საგანმან. მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწ. გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ე. ს. გ-ით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმან. და სააღმზრდელო მომსახურება. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწ. პოლიტიკის ძირითადი მიზნებია: ა) მოსწავლის ეროვნ. და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზ. უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრ. ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტ. ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზ-ბის, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა. ამ მიზნების მისაღწევად სახელმწ. უზრუნველყოფს: ა) ზოგადი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში; ბ) საქართვ. ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშ. საგანმან. სივრცეში; გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგ. და პოლიტ. გაერთიანებებისაგან; დ) ეროვნ. შეფასებების ეროვნ. სასწ. გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმან. პროცესის დაგეგმვასა და მართვას; ე) ზოგადსაგანმან. დაწესებულებების აკრედიტაციის მატერ.-ტექ., პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას; ვ) ზოგადსაგანმან. დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას; ზ) ინკლუზიური სწავლების დამკვიდრებას; თ) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას. ამ მიზნების მისაღწევად სახელმწ. შეიმუშავებს ე. ს. გ-ს, რ-ითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნები, საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და თანაფარდობა, აუცილებელი და მაქს. დატვირთვის რაოდენობა, საგნებისა და საგნობრივი ჯგუფების სწავლებისათვის აუცილებელი მინ. საათების რაოდენობა, სასწ. გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები. ე. ს. გ-ით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რ-თაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ე. ს. გ. ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწ. გეგმებს სპეც. საგანმან. საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. ე. ს. გ. მოიცავს შემდეგ საგნებსა და საგნობრივ ჯგუფებს: ა) ქართული (აფხაზეთის არ-ში – აფხაზური და ქართული) ენა და ლიტ-რა; ბ) საქართვ. ისტორია, საქართვ. გეოგრაფია და სხვა საზ. მეცნიერებები (აფხაზეთის არ-ში სწავლება მიმდინარეობს აფხაზურად ან ქართულად); გ) მათემატიკა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ე) უცხ. ენები; ვ) ფიზ., შრომითი და ესთეტ. აღზრდა. ე. ს. გ-ის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგან. დაწესებულებისათვის. ეროვნ. და სასკოლო სასწ. გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური, ნეიტრალური და პლურალური.