გოგნი

გოგნი, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, ოკრიბა-არგვეთის სერზე, მდ. ქვერუნის (ძევრულის მარცხ. შენაკადი) ზემოთში, თერჯოლა – ტყიბულის საავტ. გზაზე. სათავო სოფელი. ზ. დ. 580 მ, თერჯოლიდან 22 კმ, ტყიბულიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 10 კმ. 527 მცხ. (2002).

თამარ მეფის 1188-ით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გ-ის ციხისთავი. 1778 მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა, გ-ში ააგო ეკლესია და დააფუძნა მონასტერი (იხ. გოგნის უდაბნო). სოფლის დას-ით, მაღალ გორაზე დგას გვიანდ. შუა საუკ. წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია „კარუგდებული". მას გარს აკრავს ურთხელის ტყე და გამოქვაბულები (სამხრ-ით). ეკლესია ნაშენია ქვითკირით. შესასვლელი დას-იდან აქვს, ინტერიერში ქვაზე გამოქანდაკებულია მაცხოვრის ამაღლების სცენა (დაზიანებულია).

თ. ბერაძე