ერწუხის ბრძოლა 1104, ბრძოლა ერწუხთან (ახლანდელ საინგილოში) საქართველოს ლაშქარსა და განძის ათაბაგს შორის. დავით აღმაშენებლის მიერ კახეთ-ჰერეთის დაკავებამ (1104) აშკარად შეასუსტა თურქ-სელჩუკების საბრძოლო პოზიცია აღმ. ამიერკავკასიაში. ამასთან ერთად სულთანმა კახეთ-ჰერეთის სახით მნიშვნელოვანი მოხარკე დაკარგა. პოზიციების აღსადგენად სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა, სასწრაფოდ გამოილაშქრა, რათა საქართვ. მეფე ჰერეთ-კახეთიდან განედევნა. მტერს შეუერთდნენ დავით აღმაშენებლის შინაური მოწინააღმდეგენიც – კახელი ფეოდალები. ათაბაგის მრავალრიცხოვან ჯარს დავით აღმაშენებელი მცირე ლაშქრით შეება ერწუხთან. მტრის რიცხობრივ უპირატესობას საქართველოს სამეფო კარმა დაახვედრა კარგად გაწვრთნილი ლაშქარი. დავით აღმაშენებელმა „ქმნნა წყობანი დიდნი”, ე. ი. მტკიცედ განაწყო თავისი ჯარი და ისე მედგრად შეუტია მტერს, რომ თანამედროვენი განაცვიფრა მისმა სწრაფმა წარმატებამ („ადვილად და მოსწრაფედ, ხელი უხსნა ღმერთმან საკვირველებათამან”). ქართველებმა თავგანწირული ბრძოლით შეძლეს მტრის ბევრად ჭარბი ძალების განადგურება. ე. ბ-ში გმირობის მაგალითი აჩვენა დავით აღმაშენებელმა. გადარჩენილი სელჩუკიანი თურქები გაიქცნენ. კახელებს გასაქცევი არსად ჰქონდათ და იძულებული გახდნენ დანებებულიყვნენ. დავით აღმაშენებელმა შეიბრალა კახელი ფეოდალები. დიდი სასჯელი არ დაუდვია მათთვის – ციხესიმაგრეები ჩამოართვა და შიგ სამეფო რაზმები ჩააყენა. ქართველთა გამარჯვებას დიდი რეზონანსი მოჰყვა მთელ კავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის აზრით, ეს იყო „ჵმა–გასმენილი იგი დიდი ძლევაჲ”. შემდეგ დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ შემოიმტკიცა ჰერეთ-კახეთი, რამაც საქართველოს სახელმწიფოს ეკონ. და სამხ. ძლიერება საგრძნობლად აამაღლა.
წყარო: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი; მეფე თამარი, თბ., 2002; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.
რ. მეტრეველი