ზაქარწმინდა

ზაქარწმინდა, ნასოფლარი ისტორიულ ზემო ჯავახეთში, ტაბაწყურის ტბის სამხრეთ-დასავლეთით. XVI ს. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში” უკვე გაუკაცრიელებულ სოფელზე ნათქვამია, რომ ზ. ახლოა სოფ. მოდიგანთან. მართლაც ამ სოფლის დას-ით, დაახლ. ერთ კმ-ზე, დიდი ნასოფლარია, სადაც შერჩენილია მოზრდილი დარბაზული ეკლესიის ბუდე, საკურთხეველში სატრაპეზო ლოდია. ეკლესიას ირგვლივ გალავანი ჰქონია შემოვლებული. ნასოფლარში ჩანს ზეთსახდელის მოზრდილი გელაზები. ოსმალთა ბატონობისას ზ. შედიოდა ხერთვისის ლივის ტყე-ჯავახეთის ნაჰიეში. ასეთივე სახელწოდების სოფელი ყოფილა ჩილდირის ლივაშიც. დასახელება ნაწარმოებია წმინდანის სახელობის ეკლესიიდან ისევე, როგორც ანდრიაწმინდა, სტეფანწმინდა, მიქელწმინდა, გიორგიწმინდა და სხვ.

ლიტ.: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.