გოგნის უდაბნო

გოგნის უდაბნო, სამონასტრო კომპლექსი სოფ. გოგნში (ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი).

დააარსა 1778 სოლომონ I-ის მეუღლემ – იმერეთის დედოფალმა მარიამმა. იმერეთის დედოფლის 1778 წყალობის სიგელი, რ-იც ამ უდაბნოს დაარსებასთან დაკავშირებით არის გაცემული, გვამცნობს, რომ ამ დროისათვის გოგნში აშენებული ღვთისმშობლის მიძინების ქვიტკირის ეკლესია გ. უ-ს გადაეცა. მასვე ებოძა ყმა-მამული ახლომახლო სოფლებიდან. მარიამ დედოფალს დაუდგენია გ. უ-ს წინამძღვარი და ბერები. შემორჩენილია კიდევ რამდენიმე წყალობის წიგნი, რ-ებიც ამ უდაბნოსათვის ყმა-მამულის ბოძებას ეხება.

1826 გ. უ. გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა. აქ იდგა ორი ქვიტკირის ეკლესია, ხის შვიდი სენაკი ბერებისათვის და ერთიც წინამძღვრის ხის სახლი. გ. უ-ს ეკუთვნოდა ყმა-მამული, აგრეთვე სახნავ-სათესი მიწები და ტყის ნაკვეთები. იმ დროისათვის გ. უ-ში, წინამძღვრის გარდა, ოთხი ბერი იყო.

თ. ბერაძე