ესვანჯია ვახტანგ პართენის ძე (4. III. 1931, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 23. II. 1998, თბილისი), ჟურნალისტი. საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1985). დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1952), მოსკოვის უმაღლესი პარტსკოლა ჟურნალისტიკის განხრით (1961), შემდეგ – ეკონომიკის ფაკ-ტი (1967). იყო გაზ. „სამშობლოს” რედაქტორი (1967–71), მუშაობდა საქ. კპ ცკ-ის გამომცემლობის დირექტორად (1983–91). ე. იყო საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაციის) წევრი (1959), საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის მდივანი, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტ. კავშირის საქართვ. საზ. პრეზიდიუმის წევრი (1983), 9 აპრილის გარემოებათა შემსწავლელი კომისიის წევრი (1989). 1990-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საზ-ბა „საქართველო-იტალიის” პრეზიდენტი. კარდიფის, პალერმოს, ბელჯირატეს, ტურინის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.