ეკონომიკური დარაიონება, ქვეყნის დაყოფა ეკონომიკურ რაიონებად, რომლებიც ობიექტურად ასახავენ შრომის ტერიტორიული დანაწილების ჩამოყალიბებულ სურათს. ე. დ-ის ძირითადი მიზანია ოპტიმალური პირობების შექმნა ტერიტ. დაგეგმვის, პროგნოზირებისა და სოც.-ეკონ. რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისათვის. რაიონები ფორმირდება ურბანიზაციის ფონზე, საერთო-სახელმწიფოებრივი სამეურნ. სპეციალიზაციის გავლენით და მათ შორის ხდება პროდუქციისა და მომსახურების გაცვლა. განასხვავებენ ინტეგრალურსა (მთლიან) და დარგობრივ (სამეურნ. დარგების მიხედვით) ე. დ-ს. ი ნ ტ ე გ რ ა ლ უ რ ი დარაიონების ძირითადი პრინციპებია: გენერალურობა (ე. დ. სრულად მოიცავს ქვეყნის ტერიტორიას, სადაც შედის აუთვისებელი და ნაკლებათვისებული ტერიტორიები); ეკონ. რაიონების აგების სისტემის იერარქიულობა; ტერიტ. მთლიანობა და ტერიტ.-საწარმოო კომპლექსის ბირთვის არსებობა; ეროვნ.-ეთნ. მთლიანობა; შესაბამისობა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ადმ.-ტერ. დაყოფასთან. ქვეყნების სამეურნ. განვითარების შიგატერიტორიული სხვაობა პროფილისა და დონის მიხედვით ადრეულ ეპოქებშიც არსებობდა. ასე იყო საქართველოშიც, სადაც დროთა განმავლობაში ბუნებრივ-სამეურნ. თავისებურებებით გამიჯნული და ფეოდ. მმართველობით განმტკიცებული სხვადასხვა ისტ.-გეოგრ. რაიონები (ქართლი, კახეთი, იმერეთი და სხვ.) ჩამოყალიბდა. საქართველოში ე. დ-ის საკითხებზე მუშაობდნენ: გ. გეხტმანი (მას ეკუთვნის დარაიონების პირველი სქემა, 1944), ლ. კარბელაშვილი, გ. ზარდალიშვილი, ი. მიქელაძე და სხვ. პრიორიტეტულად იქნა აღიარებული საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში XX ს. 60-იანი წლების დასაწყისში გ. გველესიანის მიერ შემუშავებული დარაიონების ბადე, რ-ის მიხედვითაც საქართვ. ტერიტორიაზე გამოიყო 8 ეკონ. რ-ნი. ჩატარებულია აგრეთვე დარგობრივი ე. დ. – სას.-სამ., სამრეწვ., სატრანსპ., საკურორტო-რეკრეაციული. საქართვ. ე. დ-ის თანამედროვე ბადე დარაიონების პრინციპების ახლებური გააზრებისა და ეკონ. რეალობის გათვალისწინების საფუძველზე გარკვეულ კორექტივებს საჭიროებს.
ლიტ.: გველესიანი გ., საქართველოს ეკონომიური დარაიონების საკითხის სწორი გაგებისათვის, «საქართველოს ეკონომისტი», 1960, N8; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს სსრ რესპუბლიკის ეკონომიური დარაიონება, წგ.: საქართველოს სსრ ეკონომიური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, წგ. 2, თბ., 1973; ზ ა რ დ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., საქართველოს სსრ ეკონომიური დარაიონება, თბ., 1970.
ვ. ნეიძე