ენერგეტიკული ბალანსი

ენერგეტიკული ბალანსი, კომპლექსური განმაზოგადებელი მახასიათებელი ქვეყანაში ენერგორესურსების მიღება-გამოყენების და მათგან წარმოებული ყველა სახის ენერგიის (ელექტროენერგია, თბოენერგია, ნავთობპროდუქტები და სხვ.) რაოდენობის შესახებ, რაც გამოხატულია პირობითი სათბობის ნატურალური მაჩვენებლით. იგი მატერ. ბალანსებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მოიცავს ყველა სახის ენერგეტ. რესურსს მათი წარმოქმნის წყაროებისა და ხარჯვის მიმართულებების მიხედვით, საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ ამ რესურსების წარმოებისა და მოხმარების რაოდენობა და სტრუქტურა, ენერგოტევადი დარგები, მოხმარების მიზნობრივი მიმართულებები, დავახასიათოთ რეგიონის ეკონ. კავშირები და ა. შ. ე. ბ-ის საფუძვლიანი ანალიზი ამ რესურსების წარმოებისა და მოხმარების ძირითად მიმართულებათა დადგენისა და მათი უკეთ გამოყენების რეზერვების გამოვლენის აუცილებელი წინაპირობაა. ეკონ. ცალკეულ დარგთან სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ორგანული კავშირი სწორედ ე. ბ-ის მეშვეობით ხორციელდება. ე. ბ. ახასიათებს ამ კავშირების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მხარეს. ეს, პირველ რიგში, გამოიხატება სამეურნეო კომპლექსში სათბობისა და ენერგიის მოხმარების მოცულობითა და სტრუქტურით, რ-იც მნიშვნელოვანწილად გვიჩვენებს ეკონომიკის ზრდის მასშტაბებსა და ქვეყნის ინდუსტრიული განვითარების დონეს. საქართველოში ე. ბ. ტრადიციულად დეფიციტურია; ასე იყო საბჭოთა პერიოდში და ეს ტენდენცია გრძელდება ახლაც (იხ. ცხრ. 1). ქვეყანა თავის ფაქტობრივ მოთხოვნილებას ენერგორესურსებზე სანახევროდაც ვერ იკმაყოფილებს და მათი დიდი ნაწილი გარედან შემოდის. განსაკუთრებით ეს ითქმის ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ გაზზე.

საბჭოთა პერიოდში ქვეყანა ძირითადად შემოტანილი ენერგორესურსებით კმაყოფილდებოდა და ამ მაჩვენებელმა თავის მაქსიმუმს (90%-მდე) 1990 მიაღწია. ენერგიის ცალკეული სახეებიდან ბალანსი მთლიანად დეფიციტური იყო ბუნებრივ გაზზე, შედარებით ნაკლებად დეფიციტური – ნავთობპროდუქტებზე და უფრო ნაკლებდეფიციტური – ელექტროენერგიაზე. ამასთან, იყო წლები (1970–74, 1975, 1979, 1980–82), როდესაც ქვეყანას ჭარბი რაოდენობის ელექტროენერგია ჰქონდა. საბჭოთა პერიოდში (1960–90) სათბობ-ენერგეტ. რესურსების მოხმარება გაიზარდა 2,6-ჯერ, ხოლო წარმოება შემცირდა 15,2%-ით. ამის შედეგად კი ბალანსი უფრო ღრმადეფიციტური გახდა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო სათბობ-ენერგეტ. რესურსების არარაციონალური და მფლანგველური მოხმარებით. მიუხედავად აღნიშნულისა, ენერგიის იმპორტზე საქართვ. ეკონომიკის ხანგრძლივ ორიენტაციას არც ერთ საბჭოურ პერიოდში არ ჰქონია ენერგიის უკმარისობასთან დაკავშირებული სამეურნეო და სოც. პრობლემები. ენერგოტევადი საწარმოების ძირითადი ნაწილი ენერგორესურსებით მარაგდებოდა ვერტ. (საკავშირო) მართვის არხებით და ფონდებით. განსაკუთრებით ნეგატიური როლი ითამაშა გეგმური ეკონ. ყველა პერიოდში არსებულმა იაფი ენერგიის მენტალიტეტმა. საქართველო არ იყო დაინტერესებული ადგილობრივ ენერგიაშემცველთა მოძიებით და განვითარებით, რაც აშკარად აისახა საბჭოთა პერიოდის ყველა ეტაპის ენერგეტ. ბალანსში. საქართველოში, ისე როგორც სხვა რესპუბლიკებში, ე. ბ. სტატისტ. ორგანოების მიერ პერიოდულად (5 წელიწადში ერთხელ) კეთდებოდა. მიუხედავად ამისა, იგი დადებით როლს ასრულებდა ენერგორესურსების წარმოება-მოხმარების ტენდენციების დადგენასა და სამომავლო ამოცანების დასახვაში. დამოუკიდებლობის წლებში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ 2001 გამოკითხვის საფუძველზე შედგენილ, ერთჯერად მოძიებულ მასალებს, საქართველოში ე. ბ. ჯერ არ გაკეთებულა. ეს ინფორმაციული ვაკუუმი ექსპერტთა (დ. ჩომახიძე, შ. ზარანდია) მიერ გარკვეულწილად იქნა შევსებული. მიღებული შედეგები აისახა 2006 აშშ-ის საერთაშ. განვითარების სააგენტოს – „იუსაიდის" (USAID) მიერ დაფინანსებულ პროექტში „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ისტორიული, თანამედროვე და საპროგნოზო ბალანსები". ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გარდამავალ პერიოდში (1991–95) საქართველოში ენერგიის როგორც წარმოება, ისე მოხმარება შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. მომდევნო პერიოდში (1996–2005) კი სახეზეა მათი ზრდა. კერძოდ, 1991–95 ენერგიის წარმოება შემცირდა 2,3-ჯერ, მოხმარება – 8,5-ჯერ, ხოლო 1996–2005 გაიზარდა, შესაბამისად, 67,6%-ით და 56,7%-ით. დროის აღნიშნულ მონაკვეთში თვალსაჩინოა დეფიციტის თანდათანობითი შემცირების ტენდენცია, რ-იც ამჟამადაც გრძელდება. მე-2 ცხრილში მოცემულია 2000–13 წლების მონაცემები საქართველოში წარმოებული და მოხმარებული სათბობ-ენერგეტ. რესურსების შესახებ. ენერგიაშემცველების მოხმარება ნაჩვენებია ეკონ. მთავარი დარგების მიხედვით. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ 2000–13 საქართველოში ენერგიაშემცველების წარმოება გაიზარდა 38,5%-ით, მ. შ. ჰიდროენერგიისა – 39,6%-ით, ნახშირისა – 20,0-ჯერ, ხოლო ენერგიის სხვა სახეებისა (შეშა, ენერგიის არატრად. წყაროები და სხვ.) – 32,7%-ით. ამასთან, ნავთობისა და თანმდევი გაზის მოპოვება შემცირდა 2,4-ჯერ.

რაც შეეხება ენერგიაშემცველების მოხმარებას, იგი წარმოებასთან შედარებით აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა უფრო სწრაფად – 77,8%-ით. ცალკეული დარგებიდან მოხმარების ყველაზე მაღალი ტემპი აქვს მრეწველობას (3,1-ჯერ), შემდეგ მოდის სოფლის მეურნეობა (2,1-ჯერ) და ტრანსპორტი (91,4%); სხვა დარგებში (ძირითადად კომუნალურ-საყოფაცხოვრებო სექტორში) 2000–13 ენერგიაშემცველების მოხმარება გაიზარდა 35,6 %-ით.

ლიტ.: ჩომახიძე დ., საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, თბ., 2003; მისივე, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი, თბ., 2007; Топливно-энергетический комплекс СССР – 1990 г. (экономико-статистический обзор), ВНИИКТЭП, М., 1991; Energy balance of the power sector of Georgia: balances from 1960 to 2006. USAID, 2006 (executors D. Chomakhidze, Sh. Zarandia); Key world energy statistics. International energy agency, 2009.

დ. ჩომახიძე