ეკონომიკური თეორია, მეცნიერების მიმართულება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განუსაზღვრელი მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზებსა და ოპტიმალური არჩევანის პრობლემას, ადამიანთა ეკონომიკურ ქცევას სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში მატერიალური და არამატერიალური დოვლათის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების დროს. ე. თ. განიხილება ვიწრო და ფართო გაგებით. ვიწრო გაგებით იგი ეკონ. მოვლენებისა და პროცესების კვლევის სხვადასხვა მიმართულების ამსახველი თეორიაა, ფართო გაგებით – ეკონ. განვითარების ზოგადი თეორია, მეცნიერება, რ-იც შეისწავლის ეკონ. კანონებსა და კანონზომიერებებს, იკვლევს არსებით მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეკონ. მოვლენებსა და პროცესებს შორის. ე. თ-ს საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის წამყვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან საზ-ბის ანატომიას, მისი ეკონ. განვითარების პროცესებს სწავლობს; ამასთან იგი კონკრეტული (დარგობრივი თუ ფუნქციური) ეკონომიკური მეცნიერების ფუნდამენტი და მეთოდოლ. საფუძველიცაა. ე. თ-ის, როგორც მეცნიერების, წარმოშობა დაკავშირებულია საზ-ბის სიმდიდრის შესწავლასთან, რაც დასაბუთებულია უილიამ პეტის, ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს, კარლ მარქსის და სხვა გამოჩენილ ეკონომისტთა ნაშრომებით, თუმცა ეკონ. მეცნიერების წანამძღვრების ჩანასახი უძველესი პერიოდის აღმოსავლელ, ბერძენ და რომაელ მოაზროვნეთა მოძღვრებებშიცაა მოცემული. XVIII ს. უკანასკნელ მესამედში, როდესაც ინგლისში აღმოცენდა კ ლ ა ს ი კ უ რ - ლ ი ბ ე რ ა ლ უ რ ი მიმდინარეობა (კლასიკური პოლიტიკური ეკონომია), მეცნიერების ერთიან სისტემას, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება, გამოეყო ეკონომიკა ე. თ-ის სახით, რ-საც იმ პერიოდში პოლიტ. ეკონომია ეწოდებოდა. ტერმინი „პოლიტიკური ეკონომია" სამეცნ. ლიტერატურაში პირველად შემოიტანა ფრანგმა მერკანტილისტმა ანტუან მონკრეტიენმა. მან ჯერ კიდევ 1615 გამოსცა წიგნი „პოლიტიკური ეკონომიის ტრაქტატი", რითაც ახ. ელფერი შესძინა ქსენოფონტის მიერ შემოღებულ ტერმინ „ეკონომიკას". სიტყვა „პოლიტიკური" მან პლატონისაგან „ისესხა" („პოლიტიკოს" ბერძნულად სახელმწიფოებრივს ნიშნავს). აქედან გამომდინარე, პოლიტ. ეკონომიის, როგორც მეცნიერების, კვლევის სფეროდ მთლიანად ქვეყნის მეურნეობის მართვა წარმოჩნდა. ამასთან იგი საფუძვლად დაედო ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და მის კლასიფიკაციას. კლასიკურმა პოლიტ. ეკონომიამ მეცნიერულად დაასაბუთა, რომ სიმდიდრის წყარო უნდა ვეძიოთ არა ვაჭრობაში ან მხოლოდ მიწათმოქმედებაში, არამედ მთლიანად წარმოებაში. ადამ სმითის ცნობილი ნაშრომი – „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ" (1776), აღიარებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლად, რ-მაც მის ავტორს „ეკონომიკის მამამთავრის" სახელი დაუმკვიდრა. კლასიკური პოლიტ. ეკონომიის შემდგომი განვითარება უკავშირდება დეივიდ რიკარდოს სახელს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეკონომიკის არაერთი სფეროს კვლევაში. კლასიკური პოლიტ. ეკონომიის მთავარი კრედო ეკონომიკის ლიბერალიზაციაა, რაც ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალურ ჩარევას, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ჩამოყალიბებული თავისუფალი ფასებით ბაზრის თვითრეგულირებას („უხილავი ხელის" თეორია) გულისხმობს. კლასიკური პოლიტ. ეკონომია საუკუნე-ნახევარზე მეტხანს (XVIII ს. 70-იანი წლებიდან XX ს. 30-იან წლებამდე) საფუძვლად ედო მსოფლიოს წამყვანი კაპიტალ. ქვეყნების ეკონ. პოლიტიკას. მის ბაზაზე ე. თ-ში აღმოცენდა სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთ-ერთი მათგანი მ ა რ ქ ს ი ს ტ უ ლ ი პ ო ლ ი ტ ი კ უ რ ი ე კ ო ნ ო მ ი ა ა, რ-იც სოციალ. საზ-ბის მშენებელი ქვეყნების საპროგრამო დოკუმენტად იქცა. ამ მიმდინარეობასთან არის დაკავშირებული მიწასა და წარმოების სხვა საშუალებებზე კერძო საკუთრების გაუქმება და საზ-ბის თითოეული წევრის თანაბარი უფლებით, საზოგადოებრივი საკუთრების ცენტრალიზებული მართვის საფუძველზე, სახელმწ. ტიპის ეკონომიკის შექმნა. მარქსისტულ-ლენინური პოლიტ. ეკონომია საფუძვლად დაედო საბჭ. კავშირისა და სხვა კომუნისტური სახელმწიფოების ეკონ. პოლიტიკას. ეს 70–წლიანი ექსპერიმენტი მარცხით დასრულდა და ადგილი დასავლურ თეორიებს დაეთმო. მარქსისტულ პოლიტ. ეკონომიას ეწინააღმდეგებოდა ნ ე ო კ ლ ა ს ი კ უ რ ი ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი მიმდინარეობა, რ-იც წარმოიშვა XIX ს. ბოლოს. მისი წარმომადგენლები იყვნენ: ა. მარშალი, ო. ბემ-ბავერკი, კ. მენგერი, ფ. ვიზერი, უ. ჯევონზი, ვ. პარეტო, ლ. ვალრასი, ჯ. კლარკი და ა.შ., ხოლო თანამედროვე წარმომადგენლები არიან: ჯ. ჰიქსი, ჯ. მილი, რ. სოლოუ, მ. ჯ. ბრაუნი, მ. ფრიდმენი და სხვ. 1929–33 მსოფლიო ეკონ. კრიზისმა წარმოაჩინა კ ლ ა ს ი კ უ რ - ლ ი ბ ე რ ა ლ უ რ ი მიმდინარეობის ნაკლოვანებები და ის წინააღმდეგობები, რ-ებიც წარმოქმნა „უხილავი ხელის" თეორიაზე აღმოცენებულმა ეკონ. პოლიტიკამ. მსოფლიოს წამყვან კაპიტალ. ქვეყნებში საჭირო გახდა ქვეყნის ეკონომიკის მართვაში ცვლილებების შეტანა. ასეთ ვითარებაში ჩამოყალიბდა ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა, რ-იც კ ე ი ნ ზ ი ა ნ ე ლ ო ბ ი ს სახელითაა ცნობილი. მას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ინგლ. ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა, რ-ის შეხედულებები ძირითადად აისახა მის ცნობილ ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია" (1936). ამ თეორიის მიმდევრები იყვნენ ს. ჰარისი, ა. ჰანსენი, რ. ჰაროდი და სხვ. შეიქმნა ეკონ. ლიბერალიზაციის საპირისპირო – ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო რ ე გ უ ლ ი რ ე ბ ი ს თ ე ო რ ი ა, რ-მაც ეკონ. აზროვნებაში რევოლ. გადატრიალება მოახდინა. კეინზმა პირველმა გამოთქვა აზრი კრიზისული მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობის შესახებ. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების თეორიის პრაქტიკაში დამკვიდრებით კეინზიანელობამ უდიდესი ისტ. როლი შეასრულა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონ. პოლიტიკასა და კაპიტალიზმისაგან თვისებრივად განსხვავებული ახ. საბაზრო ეკონ. სისტემის ფორმირებაში. კეინზიანურ მოდელს XX ს. 30-იანი წლების ღრმა ეკონ. კრიზისის შემდეგ 70-იანი წლების II ნახ-მდე წარმატებით იყენებდნენ მსოფლიოს წამყვანი კაპიტალ. ქვეყნები. შემდგომში თანდათან მომწიფდა ნიადაგი ეკონომიკაში მომხდარი ახ. რევოლუციური ცვლილებების ასახვისათვის. ამ პერიოდში ეკონ. თეორიას გამოეყო მისი ერთ-ერთი განშტოება ეკონომიქსის სახით. XX ს. 70-იანი წლების II ნახიდან დაიწყო კეინზიანური თეორიის მოწინააღმდეგეთა თავისებური „რენესანსი", ხელშემწყობი პირობები შეიქმნა ნეოკლასიკური თეორიის აღორძინებისათვის. ეკონომიკაში წარმოქმნილი ახ. მოვლენების გავლენით ნეოკლასიკოსებმა ნაწილობრივ შეცვალეს თავიანთი დამოკიდებულება სახელმწიფოს მიმართ. მათ აღიარეს ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა, თუმცა იგი ფულად-საკრედიტო სისტემის რეგულირებით შემოფარგლეს. რაც შეეხება ამ თეორიის თანამედროვე გავლენიან მიმართულებას – მ ო ნ ე ტ ა რ ი ზ მ ს (მილტონ ფრიდმენი და „ჩიკაგოს სკოლის" სხვა წარმომადგენლები), იგი ეწინააღმდეგება ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას. მონეტარისტებისთვის ბაზარი თვითრეგულირებადი სისტემაა, რ-ზედაც ზემოქმედება შესაძლებელია, ძირითადად, ფულადი მასის მოცულობის რეგულირებით. XX ს. 50-იან წლებში კეინზიანელობის საფუძველზე აღმოცენდა ე. თ-ის ერთ-ერთი ძირითადი მიმდინარეობა ნ ე ო კ ე ი ნ ზ ი ა ნ ე ლ ო ბ ა. მისი წარმომადგენლები (ე. დომარი, ნ. კალდორი, ჯ. რობინსონი და სხვ.) ასაბუთებენ ეკონომიკის გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობას, რითაც უპირისპირდებიან ნეოკლასიკურ მიმდინარეობას და მისგან განსხვავებით, ეკონ. სტაბილიზაციის მიზნით, უპირატესობას საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის რეგულირებას ანიჭებენ. XX ს. 90-იანი წლებიდან ე. თ-ში ჩამოყალიბდა ახ. მიმართულება ნ ე ო კ ლ ა ს ი კ უ რ ი ს ი ნ თ ე ზ ი ს სახით, რ-იც საფუძვლად უდევს განვითარებული ქვეყნების თანამედროვე ეკონ. პოლიტიკას. იგი გულისხმობს ეკონ. დაცემის პირობებში კეინზიანური, ხოლო ეკონ. აღმავლობისას – ნეოკლასიკური მეთოდების გამოყენებას. ნეოკლასიკური სინთეზის მამამთავრად აღიარებულია პოლ სემიუელსონი. ე. თ-ის ი ნ ს ტ ი ტ უ ც ი უ რ - ს ო ც ი ო ლ ო გ ი უ რ ი მიმდინარეობა წარმოიშვა XIX ს. ბოლოს და ჩამოყალიბდა XX ს. 20–30-იან წლებში. მისი წარმომადგენლები არიან თ. ვებლენი, გ. როშერი, გ. შმოლერი, ვ. ზომბარტი, ჯ. გელბრეითი და სხვები, რ-თა აზრით მეცნ.-ტექ. პროგრესს ევოლ. გზით მივყავართ უკონფლიქტო საზ-ბის ჩამოყალიბებისაკენ. ამ მიმდინარეობის საფუძველზე წარმოიშვა ინდუსტრ. და პოსტინდუსტრიული საზ-ბის თეორიები, კონვერგენციის თეორია და ა. შ. ნ ე ო ი ნ ს ტ ი ტ უ ც ი ო ნ ა ლ ი ზ მ ი, რ-ის მთავარი წარმომადგენლები არიან რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი და სხვები, აქცენტს სოც. პრობლემებზე აკეთებს. ამ თეორიის საფუძველზე გარკვეული ცვლილებები მოხდა განვითარებული ქვეყნების ეკონ. პოლიტიკაში. დღის წესრიგში დადგა სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონ. სოციალურ-საბაზრო ეკონომიკად გარდაქმნის აუცილებლობა. ამრიგად, ე. თ-მ განვითარების მეტად რთული და საინტერესო გზა განვლო. იგი ჩაისახა მერკანტილიზმის დროს, მომწიფდა ფიზიოკრატიზმის პერიოდში, ხოლო აღმოცენდა ინგლისური კლასიკური პოლიტ ეკონომიის ჩამოყალიბების საფუძველზე. მისი გამოყენების მასშტაბების ზრდამ ხელი შეუწყო და დააჩქარა კიდეც ინდუსტრიული საზ-ბის ტრანსფორმაცია, დასაბამი მისცა პოსტინდუსტრიულ ერას. XX ს. ბოლო ათწლეულში განვითარებულმა მოვლენებმა – მსოფლიო სოციალ. სისტემის დაშლამ და მრავალი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ ე. თ-ის წინაშე ახ. პრობლემების თეორიული გააზრება-გაანალიზება მოითხოვა. ამასთან, ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე საზ-ბის ეკონ. განვითარების ანალიზი, მისი პერსპექტივების განჭვრეტა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე. თ-ის, როგორც მეცნიერების, დამკვიდრებასა და განვითარებას საინტერესო ისტორია აქვს. 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტ.) თსუ-ის დაარსებისთანავე მის ერთადერთ სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტთან ივ. ჯავახიშვილისა და ფ. გოგიჩაიშვილის მიერ შემუშავებული პროექტით შეიქმნა ეკონომიკური განყ-ბა, ჩამოყალიბდა პოლიტ. ეკონომიის კათედრა, რ-ის პირველი გამგე 1923 წ. ნოემბრამდე პროფ. ფ. გოგიჩაიშვილი იყო. პოლიტ. ეკონომიის კურსს ფ. გოგიჩაიშვილთან ერთად კითხულობდნენ პროფ. ნ. ქოიავა, მოსკოვიდან მოწვეული პროფ. ა. მანუილოვი, ვ. თევზაია და სხვ. 1922-იდან უნ-ტში პოლიტ. ეკონომიის კათედრის ბაზაზე დაარსდა სოც.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონ. და იურიდ. განყ-ბებით. 1944 საქართვ. მეცნ. აკადემიის ეკონ. ინ-ტის დაარსებამ და უმაღლეს სასწავლებლებში პოლიტ. ეკონომიის კათედრების გახსნამ საფუძველი ჩაუყარა სამეცნ.-კვლ. მუშაობას. ამ დროს საქართველოში მოღვაწეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ პ. გუგუშვილი, გ. ს. გამყრელიძე, ბ. რამიშვილი, ი. ბაჯაძე, ი. მიქელაძე, ვ. მელქაძე, გ. გ. გველესიანი, ქ. დადიანი, ა. გუნია, ნ. ხურციძე, ა. ფანცხავა, ა. ნუცუბიძე და სხვ. ფართოდ გაიშალა მუშაობა უცხ. ეკონომიკური, მ. შ. თეორ. ლიტერატურის თარგმნისა და გამოცემისათვის, ეკონ. ტერმინოლოგიის შედგენისათვის და ა.შ. ფ. გოგიჩაიშვილმა თარგმნა დ. რიკარდოს „პოლიტიკური ეკონომიისა და დაბეგვრის საფუძვლები" (1937), ა. სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ" (1938), კ. მარქსის „კაპიტალის" ყველა ტომი. პ. გუგუშვილმა გამოაქვეყნა სპეც. გამოკვლევა „ეკონომიკური ტერმინოლოგიისა და მეცნიერული თარგმანისათვის" (1952) და პ. კუჭაიძესთან ერთად 1947 გამოსცა „ეკონომიკის ტერმინოლოგია". იგი აქტიურად მუშაობდა ე. თ-ის, ეკონ. აზრის ისტორიის, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის საკითხებზე. აკად. ვ. ჩანტლაძემ 1959 გამოსცა „სულხან-საბა ორბელიანის ეკონომიკური შეხედულებები", ხოლო 1979 (რუს. ენაზე) – „ფინანსების თეორიის საკითხები" (ქართ. ენაზე – 1987). ეკონომისტთა კადრების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის თსუ-ის ე. თ-ის კათედრას. ე. თ-ის ქართველი მკვლევრებიდან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ცნობილი არიან: გ. ადეიშვილი, რ. ასათიანი, მ. გველესიანი, რ. გველესიანი, რ. გოგოხია, გ. თოდუა, ი. კრავცოვი, გ. მალაშხია, ვ. პაპავა, ჯ. პაჭკორია, ი. ქვაჩახია, დ. ქორიძე, გ. ყუფუნია, თ. ჩიკვაიძე, ლ. ჩიქავა, ჯ. ჩხიკვაძე, გ. ჭანუყვაძე და სხვ. ე. თ-მ ახალი დატვირთვა შეიძინა XX ს. 90-იანი წლებიდან – წინა პლანზე წამოიწია საბაზრო ეკონ. თეორიამ. ქართვ. მეცნიერთა ძალისხმევით არსებითი ცვლილებები მოხდა სასწ. პროგრამებსა და მეცნ. კვლევის მეთოდებში. ახალი და დამხმარე სახელმძღვანელოები გამოსცეს ი. მესხიამ, რ. ბასარიამ („გარდამავალი პერიოდის მაკროეკონომიკური პრობლემები", 1995); ჯ. კახნიაშვილმა („მაკროეკონომიკა", 1996; „მაკროეკონომიკა: თეორია და პოლიტიკა", 1997) და ლ. ჩიქავამ („ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი", 1997); თსუ-ის ე. თ-ის (ყოფ. პოლიტ. ეკონომიის) კათედრამ გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედაქციით 1998 დასტამბა ეკონ. თეორიის სახელმძღვანელო ეკონ. ფაკ-ტების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის; 2000 გამოვიდა მ. გველესიანის „ეკონომიკსი" (ლექციების კურსი) და სხვ. მონოგრაფიული გამოკვლევები გამოსცეს ასევე ი. მესხიამ („მაკროეკონომიკური პროგნოზირების თეორია და პრაქტიკა", 1989, რუს. ენაზე); რ. შ. ასათიანმა („მომსახურება და საბაზრო სისტემა", 1993; მისივე, „საქართველოს ეკონომიკა. ახალი ეპოქა", 2009; მისივე, „გლობალიზაცია, ეკონომიკური თეორია და საქართველო", 2010); გ. მალაშხიამ („მეტაეკონომიკა", 1995); რ. გოგოხიამ („საბაზრო ეკონომიკა", 1996); ი. მესხიამ, მ. მურჯიკნელმა („ეკონომიკური რეფორმები საქართველოში", 1996); ნ. ჭითანავამ („გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები", სამ ნაწილად, 1997, 1999, 2001). 2001 გამოვიდა თ. ბასილიას, ა. სილაგაძის, თ. ჩიკვაიძის მონოგრაფია „პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე"; 2006 – ლ. ჩიქავას „ინოვაციური ეკონომიკა"; 2006 – გ. ყუფუნიას მონოგრაფიული ხასიათის სახელმძღვანელო „საქართველოს ეკონომიკა (მაკროეკონომიკური ასპექტები)"; 2009 – ი. ანანიაშვილის და ვ. პაპავას „გადასახადები, მოთხოვნა და მიწოდება: ლაფეროკეინზიანური სინთეზი"; 2009 – ვ. პაპავას „შერეული საბაზრო ეკონომიკის რეალობათა თვისებრიობის შეცნობის მეთოდოლოგია და პარალოგიზმი" (რუს. ენაზე); 2010 – მისივე „ნეკროეკონომიკის ზომბირება"; 2010 – ა. სილაგაძის „ეკონომიკური დოქტრინები" და სხვ. გამოიცა ლექსიკონები: რ. შ. ასათიანის „ეკონომიქსი" (განმარტებითი ლექსიკონი, III გამოცემა; 2006); მისივე, „ეკონომიკისა და ბიზნესის ლექსიკონი" (2010); „ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი" (ა. სილაგაძის საერთო რედაქციით, 2005); „ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია" (ლ. ჩიქავას საერთო რედაქციით, 2001) და სხვ. ითარგმნა ცნობილ უცხოელ ავტორთა სახელმძღვანელოები, ამასთანავე შეიქმნა ახ. სასკოლო სახელმძღვანელოებიც ეკონომიკაში.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი რ., ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება, თბ., 2005; ეკონომიკური თეორია. სახელმძღვანელო, გ. ადეიშვილისა და რ. ასათიანის რედ., თბ., 1998; პ ა პ ა ვ ა ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002; ჩ ი ქ ა ვ ა ლ., ეკონომიკური თეორიის მოკლე კურსი, თბ., 1997; G a l b r a i t h J. K., Economic Theories and Goals of the Society, N. Y., 2009; M a n k i w N. G., Principles of Economics, N. Y., 1998; S a m u e l s o n P. A., N o r d h a u s W. D., Economics, 16th ed., N.Y., 1998.
რ. ასათიანი