ეკონომიკური კიბერნეტიკა

ეკონომიკური კიბერნეტიკა, მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს კიბერნეტიკის ზოგადი კანონებისა და მეთოდების გამოყენებას ეკონომიკური პროცესების მართვასა და რეგულირებაში. ფართო მნიშვნელობით ე. კ. ეკონომიკაში მართვის პროცესების კვლევის მეთოდების ერთობლიობაა. ე. კ-ის ცნება XX ს. 60-იან წლებში გაჩნდა ვ. ნემჩინოვის (სსრკ), ო. ლანგეს და ჰ. გრენევსკის (პოლონეთი), ს. ბირის (ინგლისი) შრომებში. იგი მოიცავს ეკონ. სისტემებისა და მოდელების თეორიას, ეკონომიკის სისტემური ანალიზისა და მისი მოდელირების მეთოდოლოგიას, ეკონ. ინფორმაციის თეორიას, რ-იც ეკონომიკას განიხილავს როგორც ინფორმაციულ სისტემას, და სწავლობს ეკონომიკურ- ინფორმაციულ ნაკადებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე. კ. ვითარდებოდა სამეცნ.-კვლ. ინ-ტებსა და თსუ-ში. საქართვ. მეცნიერებათა აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტში დაამუშავეს წარმოების ნატურალურ–ნივთობრივი ეფექტიანობის ამაღლების პრობლემები (ვ. პაპავა), რეგიონული ბუნებათსარგებლობის ეკონ. პრობლემების მრავალმიზნობრივი ოპტიმიზაციური მოდელები (გ. შ .წერეთელი), დეფიციტური ეკონომიკის მოდელირების მექანიზმი (რ. სარჩიმელია) და სხვ.; საქართველოს სსრ სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახ. მეურნ. ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში – საქართვ. დარგთაშორისი კავშირების მოდელირების (მ. კეკელიძე, ს. სანაძე და სხვ.) და მაკროეკონომიკური პროგნოზირების ერთპროდუქტიული და მრავალპროდუქტიული მოდელები (ი. მესხია), მიღწეულია რიგი მნიშვნელოვანი მეცნ. შედეგები; თსუ-ში ეკონომიკის ანალიზის მათ. მეთოდების (ახლანდ. ეკონომეტრიკის) კათედრაზე დამუშავდა აგრეგირებული დარგთაშორისი კავშირების მოდელირების საკითხები (ი. ანანიაშვილი) და რეგიონთაშორისი დარგთაშორისი კავშირების მოდელები, რ-თა საფუძველზეც შედგა სამხრ. კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) რეგიონთაშორისი ბალანსი (კ. აჩელაშვილი). ქართვ. მეცნიერთა კვლევის შედეგები ე. კ-ის დარგში აღიარებულია საქართვ. ფარგლებს გარეთაც და ასახულია აღნიშნულ მეცნიერთა მონოგრაფიებსა და მრავალ სამეცნ. სტატიაში. თსუ-ში 1970–2006 ამზადებდნენ უმაღლესი კვალიფიკაციის შესაბამის სპეციალისტებს.

ლიტ.: კ ო ბ რ ი ნ ს კ ი  ნ., მ ა ი მ ი ნ ა ს ი ე ., ს მ ი რ ნ ო ვ ი  ა., შესავალი ეკონომიკურ კიბერნეტიკაში, თარგმ. რუსულიდან, თბ., 1980; L a n g e  O., Wstęp do cybernetyki ekonomicznej, Warsz., 1965.

კ. აჩელაშვილი