ეგრისის აჯანყებები (541, 548, 697), ეგრისის აჯანყებები ბიზანტიისა და ირანის წინააღმდეგ. ე. ა. 541. 532 ირანსა და ბიზანტიას შორის „საუკუნო ზავის" დადების (იხ. ეგრისის სამეფო ) შემდეგ იმპ. იუსტინიანე I-მა ეგრისში ააგო ციხე-ქალაქი პეტრა (ბიზანტიის ადმინისტრაციის დასაყრდენი), დააწესა ვაჭრობის მონოპოლია და ეგრისის ციხე-ქალაქებში ბიზანტ. გარნიზონები ჩააყენა. ყოველივე ამან და ბიზანტ. მოხელეთა თვითნებობამ გამოიწვია მოსახლეობის უკმაყოფილება, რაც 541 აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებულებმა დახმარება სთხოვეს ირანს. 542 ირანის ლაშქარი ეგრისში შემოვიდა და ბიზანტიასა და ირანს შორის დაიწყო ოცწლიანი (542–562) ომი ეგრისში გაბატონებისათვის. ე. ა. 548. 542 ირანის ჯარმა ეგრისი დაიკავა, რ-იც ქვეყანას მძიმე ტვირთად დააწვა. მალე გამომჟღავნდა, რომ მათ ეგრისის დაპყრობა ჰქონდათ განზრახული. გარდა ამისა, ბიზანტიასთან ვაჭრობის შეწყვეტა ეგრისისათვის ეკონომიკურად ძალზე საზიანო აღმოჩნდა. ეგრისელთა უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. შაჰი ხოსრო I შეეცადა მტკიცედ მოეკიდებინა ფეხი ეგრისში. ამ მიზნით გუბაზ II-ის მოშუღლე ეგრისელ დიდებულს, ფარსმანს, მეფის მოკვლა დაავალა. ფარსმანმა ეს ამბავი მეფეს შეატყობინა. ამას კი 548 ეგრისელთა აჯანყება მოჰყვა (იხ. ეგრისის დიდი ომი 542–562). ე. ა. 697. VII ს. ბოლოს ეგრისი ბიზანტიის პროვინციად იქცა: ბიზანტიელებმა გააუქმეს მეფის ხელისუფლება, ხოლო ეგრისის მმართველს ბიზანტ. იმპერატორის მოხელის – პატრიკიოსის ტიტული უბოძეს. 697 ეგრისის უკმაყოფილო მოსახლეობა და მმართველი წრეები პატრიკიოს სერგი ბარნუკის ძის ხელმძღვანელობით ბიზანტიელებს აუჯანყდნენ და დახმარებისათვის არაბებს მიმართეს. არაბებმა ეგრისის ციხეები დაიკავეს. მათი ჯარი ციხეგოჯსა და კოდორის ხეობის ზოგიერთ ციხეში 705–711-მდე იდგა.
წყარო: თეოფანე, ქრონოგრაფია, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 1, თბ., 1941; პროკოპი კესარიელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973; ჯ ა ნ ა შ ი ა ს., ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, [ტ.] 1, თბ., 1949; მ ი ს ი ვ ე, არაბობა საქართველოში, იქვე, [ტ.] 2, თბ., 1952.
ნ. ლომოური