ეგრისის დიდი ომი (542-562), ომი ბიზანტიასა და ირანს შორის, რ-იც ეგრისის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ეგრისში გაბატონებისათვის. 541 ეგრისის სამეფო ბიზანტიას აუჯანყდა და ირანელებს მოუხმო დასახმარებლად (იხ. ეგრისის აჯანყებები 541, 548, 697). 542 ირანის მეფე ხოსრო I დიდძალი ჯარით შევიდა ეგრისში. ირანელთა და ეგრისელთა ჯარმა ბიზანტიელთა მთავარი დასაყრდენი – ქ. პეტრა აიღო (იხ. პეტრის ბრძოლები). მალე ეგრისელებს ირანელთა ბატონობაც მძიმე ტვირთად დააწვათ და 548 აჯანყდნენ. იმპ. იუსტინიანე I-მა ეგრისის მეფეს 8000 მეომარი (აქედან 1000 ჭანი იყო) გამოუგზავნა დაგისთეს სარდლობით. ბიზანტიელები, ეგრისელები და ჭანები 549 გარს შემოერტყნენ ქ. პეტრას, მაგრამ ვერ აიღეს. ხოსრო I-მა ეგრისში ძლიერი ჯარი გამოგზავნა მერმეროეს სარდლობით. გუბაზ II-მ ეგრისელთა ჯარით ქართლიდან გადმოსასვლელი ვიწროები ჩაკეტა, ხოლო დაგისთეს ურჩია, დაეცვა სამხრ-იდან ეგრისში შესასვლელი გზები. დაგისთემ მხოლოდ ასი კაცი გამოუგზავნა, რ-ებიც მერმეროემ ადვილად დაამარცხა და პეტრისკენ გაემართა. დაგისთემ ალყა მოხსნა პეტრას და მდ. რიონისაკენ გაიქცა. მერმეროემ პეტრაში 3000 კაცი ჩააყენა, 5000 მეომარი ეგრისში ქვეყნის სარბევად დატოვა, თვითონ კი პერსარმენიაში (სომხეთის ნაწილი, სადაც ირანი ბატონობდა) წავიდა. 550 ეგრის-ბიზანტიის ჯარმა ირანელთა 5000-იანი რაზმი გაანადგურა (იხ. რიონის ბრძოლა 550). ირანელი სარდალი ხურიანე ახ. ლაშქრით შეიჭრა ეგრისში, მაგრამ ცხენისწყლის ნაპირას გამართულ ბრძოლაში დამარცხდა. ამასობაში დაგისთე ბიზანტიაში გაიწვიეს და მის ნაცვლად ბესა გამოგზავნეს. მას ეგრისში ირან. სარდალი ნაბედი დახვდა, რ-იც ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებულმა აბაზგებმა მოიწვიეს (იხ. აბაზგების აჯანყება 550). ბესამ თავდაპირველად აჯანყებული აბაზგები დაიმორჩილა, ხოლო 551 ქ. პეტრა აიღო. პეტრის დასახმარებლად მომავალმა მერმეროემ გეზი იცვალა და ციხეგოჯს (არქეოპოლისს) მიადგა, მაგრამ დამარცხდა (იხ. არქეოპოლისის ბრძოლა 551) და უკან დაიხია, თუმცა შეძლო ქუთაისისა და უქიმერიონის ციხეთა აღება, რითაც ეგრისს ლეჩხუმისა და სვანეთისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადაუკეტა. 553 ზაფხულში მერმეროე ახ. ჯარით შევიდა ეგრისში და ტელეფისის ციხესთან დაამარცხა ეგრის-ბიზანტიის ჯარი (იხ. ტელეფისის ბრძოლა 553). ამ მარცხს გუბაზი ბიზანტ. სარდლებს აბრალებდა და მისი დასმენით იმპერატორმა ბესა დასაჯა. ამით უკმაყოფილო სარდლებმა, რუსტიკემ და იოანემ, 554 გუბაზ II ვერაგულად მოკლეს, რამაც ეგრისელთა აღშფოთება გამოიწვია. სახალხო კრებაზე ეგრისელთა ნაწილი ირანელების მხარეზე გადასვლასაც კი მოითხოვდა, მაგრამ უმეტესობა მაინც ბიზანტიასთან კავშირს მიემხრო (იხ. ეგრისის სახალხო კრება 555). ეგრისელებმა იმპერატორს მკვლელთა დასჯა და გუბაზის ძმის, წათეს გამეფება მოსთხოვეს. იუსტინიანე I-მა ეს მოთხოვნა შეასრულა, მეფედ წათე II დაამტკიცა. 555 ხოსრო I-მა ეგრისში ირან. ჯარის მეთაურად გამოცდილი სარდალი ნახორაგანი გამოგზავნა. ეგრისელებმა და ბიზანტიელებმა ნახორაგანი დაამარცხეს ციხეგოჯთან (არქეოპოლისთან) და ფასისთან [იხ.ფოთის (ფასისის) ბრძოლა 555 ]. ამ გამარჯვების შემდეგ ბიზანტიელებმა ადრევე გამოგზავნილ სენატორ ანასტასის თავმჯდომარეობით გაასამართლეს გუბაზ მეფის მკვლელები (რუსტიკე და იოანე) და სიკვდილით დასაჯეს. ბიზანტიელებს მოუხდათ მათი მოხელეების თვითნებობის შედეგად აჯანყებული მისიმიელების, აბაზგებისა და აფსილების დამორჩილება. 556 ირანელები კვლავ დამარცხდნენ ეგრისში. 558 ირანი და ბიზანტია დაზავდნენ და ეგრისში საომარი მოქმედება შეწყდა. 562 ბიზანტიასა და ირანს შორის დაიდო 50-წლიანი ზავი, რ-ის თანახმადაც ეგრისი ბიზანტ. ვასალურ ქვეყნად დარჩა.
წყარო: აგათია სქოლასტიკოსი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; პროკოპი კესარიელი, იქვე, ტ. 2, თბ., 1965.
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ბიზანტიასა და ირანს შორის ბრძოლა იბერია-ლაზიკისათვის VI საუკუნეში, «თსუ შრომები», 1944, ტ. 26 B; მ ი ს ი ვ ე, ლაზიკის საგარეო ურთიერთობა მეექვსე საუკუნეში, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ.1); ჯ ა ნ ა შ ი ა ს., ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, ტ. 2, თბ., 1952.
ნ. ლომოური