გოგრისებრნი

გოგრისებრნი (Cucurbitaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ერთწლოვანი, ზოგჯერ მრავალწლოვანი გართხმული ან მცოცავი ბალახები, იშვიათად ბუჩქები და პატარა ხეებია. აქვთ ხუთწევრიანი, უფრო ხშირად ერთსქესიანი, ფურცლებშეზრდილი ყვავილები; ქვედა სამბუდიანი ნასკვი, ერთი მოკლე, სამი ნალისებრი დინგით დაბოლოებული სვეტი; უმეტესად მრავალთესლიანი გ ო გ რ უ ლ ა ნაყოფი. ცნობილია 90-მდე გვარი და 760-მდე სახეობა. გავრცელებულია ძირითადად ტროპიკებში.

საქართველოში ველურად იზრდება 2 გვარი – ლეშურა და კიტრანა. სამეურნ. მნიშვნელობისაა კიტრი, ნესვი, გოგრა, საზამთრო, აყირო, ლუფა, კოლოქვინტი.

ზოგიერთი გ., მაგ., ლეშურა, მედიცინაში გამოიყენება; ზოგი, მაგ., ტლადიანტა, დეკორატიულია.

გ. კვაჭაძე