ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ეპარქია. 1995 წ. 5 აპრილის საქართვ. ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე აღდგა 1923 გაუქმებული ცაიშის საეპისკოპოსო კათედრა და ახლად აღდგენილ სამღვდელმთავროს ზ. და ც. ე. ეწოდა. იგი მოიცავს ქალაქებს: ზუგდიდს, წალენჯიხას და მათ მიმდებარე ტერიტორიას. მას აღმ-იდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დას-იდან – ცხუმ-აფხაზეთის, ჩრდ-იდან – მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრ-იდან – ფოთისა და სენაკის ეპარქიები. საეკლ. ტრადიციის თანახმად, ამ მხარეში წმ. მოციქულებს – ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას უქადაგიათ და პირველი ქრისტ. თემისათვის ეკლესიაც დაუფუძნებიათ.