გოდოგანი, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის მხარე), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ. წყალწითელას (ყვირილის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ბროლისქედი, ნაგარევი, ჭალასთავი). ზ. დ. 260 მ, თერჯოლიდან 27 კმ, ქუთაისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 8 კმ. 1,8 ათ. მცხ. (2002).
გ. ცნობილია მარმარილოსა და კირქვის საბადოებით. სოფლის მახლობლად არის კორპის მუხის ტყე (150 ჰა), კარსტული მღვიმე – საკაჟია.
გ-ში დგას 1873 აგებული დარბაზული ეკლესია. დას. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი ოსტატი ისიდორე ბერეკაშვილი (იხ. სტ. ბერეკაშვილები) და ძეგლის აშენების თარიღი. ეკლესია მოქმედია. სოფელში დგას აგრეთვე X ს. ღვთაების ეკლესია.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.