დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი საყვარელიძის სახელობისა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაწესებულება.
ჩამოყალიბდა 1996, ყოფ. შავი ჭირის საწინააღმდეგო რესპ. სადგურის ბაზაზე.
აღნიშნულმა სადგურმა (1937–91), შემდგომში – განსაკუთრებით საშიში ინფექციების საწინააღმდეგო სამეცნ. პრაქტიკულმა ცენტრმა (1992–96) – დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში ბუნებრივ-კეროვანი დაავადებების აღმოჩენაში, შავი ჭირისა და ტულარემიის ბუნებრივი კერების შესწავლაში, ქოლერასთან ბრძოლაში, სხვა საშიში და უცნობი ეტიოლოგიის ინფექციების ეპიდემიოლოგიური შესწავლისა და ლაბორ. დიაგნოსტიკის საქმეში, აგრეთვე მაღალკვალიფიციური კადრების – ეპიდემიოლოგების, ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების მომზადებაში.
ცენტრი აღჭურვილია სათანადო აპარატურით, რაც საშუალებას აძლევს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად წარმართოს სამუშაოები, დაავადებების პროფილაქტიკა და კონტროლი. ცენტრი ხელმძღვანელობს ქვეყანაში ეპიდზედამხედველობის, საკარანტინო (შავი ჭირი, ქოლერა, ჰემორაგიული ვირუსული კონტაგიოზური ცხელებები), განსაკუთრებით საშიში და მათთან გათანაბრებული ინფექციების კონტროლს, სხვა გადამდები დაავადებების პროფილაქტიკასა და კოორდინაციას, გეგმიური იმუნიზაციის და მასობრივი აცრების სახელმწ. პროგრამების რეალიზაციას და სხვ.
ცენტრი ადგენს დაავადებების მოკლე და გრძელვადიან პროგნოზებს, შეიმუშავებს მეთოდურ მითითებებს, გამოსცემს ,,ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენს". ცენტრში ფუნქციონირებს მრავალი განყ-ბა და ლაბორატორია, მ. შ. ბაქტერიებისა და ვირუსების ეროვნ. კოლექციის განყ-ბა.
ცენტრს ლ. საყვარელიძის სახელი მიენიჭა 1992. ცენტრის დირექტორი იყო პ. იმნაძე (2010 წლის დეკემბრამდე), 2011-იდან ცენტრის დირექტორია – ნ. ავალიანი.
საქართველოში მოლეკულური ეპიდემიოლოგიის მეთოდების დანერგვის მიზნით ცენტრს მიღებული აქვს აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინ-ტების სისტემის ,,ფოგარტის" საერთაშ. ცენტრის გრანტი.
პ. იმნაძე