გოეთეს ინსტიტუტი (Goethe-Institut), გერმანიის საზღვრებს გარეთ გერმანულ ენაზე ზრუნვისა და საერთაშ. კულტურული ურთიერთობის ხელშემწყობი ინსტიტუტი. დაარსდა 1952 მიუნხენში (მსგავსი ინ-ტი გერმანიაში არსებობდა 20-იან წლებშიც). გერმანიაში მას აქვს 13, ხოლო მსოფლიოს 83 ქვეყანაში – 147 ინ-ტი. ეს ინ-ტები, გერმ. ენის სწავლების გარდა, ატარებენ მასპინძელი ქვეყნის ინტერესების შესაბამის კულტ. ღონისძიებებს. აქვთ ბიბლიოთეკები და მედიოთეკები. გ. ი-ების ქსელი, გოეთეს ცენტრების, კულტ. საზ-ბების, სამკითხველო დარბაზების, საგამოცდო და ენის შემსწავლელი ცენტრების მეშვეობით, უკვე 50 წელზე მეტია, გერმანიის საგარეო კულტ. და განათლების პოპულარიზაციას ეწევა.
საქართველოში (თბილისში) გ. ი (Goethe-Institut Georgien, Tbilisi) დაარსდა 1994. ის ამიერკავკასიაში მოქმედი ინ-ტია, რ-ის მიზანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, გერმანიასა და მთლიანად ევროპაში ადამიანთა შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ერთიანი ევრ. ცნობიერების ჩამოყალიბება; ასევე ამიერკავკასიაში გერმ. ენაზე ზრუნვა და სკოლებისა და უნ-ტების გერმ. ენის პედაგოგთა კონსულტაცია მეთოდურ-დიდაქტ. საკითხებზე. გ. ი. ქართ.-გერმ. კულტურული ურთიერთობების ცენტრია და უპირველესად ქართვ. პარტნიორების იდეებსა და პროექტებს ითვალისწინებს; მრავალგვარი სხვადასხვა ღონისძიებით აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმას. ინ-ტის მიზანია წარმოაჩინოს იმ პირთა ღვაწლი, რ-ებმაც სხვადასხვა დროს გერმანიასა და საქართველოს შორის კულტ. შუამავლის როლი იტვირთეს.
გ. ი. პოპულარიზაციას უწევს გერმ. კულტ. და მწერლობაში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებს. ამ მიზნით თითქმის ყოველწლიურად ეწყობა ამა თუ იმ გერმ. მწერლის ან პოეტის შემოქმედებითი საღამოები. გ. ი-ის სტრუქტურაში შედის გერმ. ენის შემსწავლელი კურსები (1995-იდან), კულტ. პროგრამების (1994-იდან), ინფორმაციისა და ბ-კის (2000-იდან) განყ-ბები, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახ. გერმანული ბ-კა (2002-იდან დეკ-ში საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კის შენობაში), ლიტ. კაფე „გოეთე" (2003-იდან). საქართვ. გ. ი-ში შესაძლებელია ყველა სასერტიფიკაციო გამოცდის (ZD, ZB2, ZC1, ZC2), ასევე Start Deutsch 1 Prüfung -ის და TestDaf-ის ჩაბარება და გერმ. ენის დიპლომის მიღება. ცენტრში ყოველწლიურად დაახლ. 3000 სტუდენტი სწავლობს. გერმ. ენის განყ-ბის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, იზრუნოს გერმ. ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით ინ-ტი პერიოდულად მართავს სემინარებსა და შეხვედრებს თბილისში, საქართვ. რეგიონებში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, გასცემს სტიპენდიებს, აგზავნის მრავალ პედაგოგს გერმანიაში დიდაქტიკის, სწავლების მეთოდიკისა და სხვ. სემინარებზე.
კულტ. პროგრამების საქმიანობის ძირითადი სფეროა თანამედროვე გერმ. კულტ. პრეზენტაცია გამოფენების, კინოჩვენებების, კონცერტების, სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ა. შ. სახით ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ადგილობრივ და გერმ. ხელოვანებსა და ინტელექტუალებს შორის კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა. ინფორმაციისა და ბ-კის განყ-ბა მჭიდროდ თანამშრომლობს სამხრ. კავკასიის ბ-კებთან, გამომცემლობებსა და საინფორმაციო ცენტრებთან, აქტიურად მონაწილეობს თბილისის საერთაშ. წიგნის გამოფენა- გაყიდვებზე.
მის მიერ ჩატარებული სამუშაოებიდან აღსანიშნავია ეროვნ. ბ-კაში გამართული სხვადასხვა სემინარი. ინფორმაციის ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის მასალას [ნაბეჭდი და ინტერნეტ-მასალები (ჟურნალები, წიგნები), აუდიო და ვიდეოკასეტები] ხელოვნებისა და ლიტ-რის დარგში, აგრეთვე დარგობრივ ლიტ-რას. ვ. ჰუმბოლდტის სახ. გერმ. ბ-კა მომხმარებელს სთავაზობს დაახლ. 5 ათ. საფონდო ერთეულს სახლში გატანის შესაძლებლობით. ლიტ. კაფეში ყველას შეუძლია გაეცნოს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გერმ. ჟურნალ-გაზეთებს. 1999 საქართვ. და გერმ. შეთანხმების საფუძველზე საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით გ. ი-ს გადაეცა მ. ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე შენობა, სადაც 1920–37 განთავსებული იყო გერმ. საკონსულო. გ. ი-ის შენობაში არის (DAAD)-ის და ქართ.-გერმ. საზ-ბების ბიუროები.
ლ. ბაქრაძე
ნ. მიქელაძე