გოეთეს საზოგადოება, გოეთეს შემოქმედების მეცნიერული კვლევისა და პოპულარიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს განყოფილება. შეიქმნა თბილისში 1970, როგორც ვაიმარში 1885 დაარსებული გოეთეს საერთაშ. საზ-ბის ერთ-ერთი განშტოება. მისი დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტი იყო ო. ჯინორია (1969-იდან გოეთეს საერთაშ. საზ-ბის პრეზიდიუმის წევრი). 1975-იდან პრეზიდენტი იყო დ. ლაშქარაძე, 1999-იდან – ნ. კაკაბაძე, 2006-იდან – მ. პაიჭაძე.
გ. ს-ის საქართვ. განყ-ბა შეისწავლის გერმ. კლასიკური ლიტ-რისა და კულტ. საკითხებს, ეწევა მის სისტემ. პროპაგანდას. ამ საქმიანობამ ქართ. გერმანისტიკის სკოლას ფართო აღიარება მოუპოვა საერთაშ. ასპარეზზე. გ. ს-ის საქართვ. განყ-ბის ანგარიში რეგულარულად ქვეყნდება გოეთეს საერთაშ. საზ-ბის ბეჭდვით ორგანოში „გოეთეს წელიწდეულში" („Goethes Jahrbuch"). 1995 დაარსდა გ. ს-ის ფოთის განყოფილება. 1982 ქუთაისში გაიხსნა ფილიალი, რ-იც 1996-იდან ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ადგილ. ორგანიზაციად. დამოუკიდებელი გაერთიანებების წევრთა დელეგაციები მონაწილეობენ გოეთეს საერთაშ. საზ-ბის მიერ ორგანიზებულ გოეთეს კონგრესებში, რ-ებიც ორ წელიწადში ერთხელ ტარდება ვაიმარში.
ნ. ბაქანიძე