გოვეა ანტონიო დე

გოვეა (Govea) ანტონიო დე (1575–1628), პორტუგალიელი მისიონერი, ესპანეთის ელჩი ირანში. 1597 მისიონერად იყო გოაში (ინდოეთი), საიდანაც ესპ. მეფე ფილიპე III-ის დავალებით ორ მისიონერთან (ჟერომ დე ლა კრუა, კრისტოფ დუ სენტ-ესპრი) ერთად შაჰ-აბასის კარზე გაემგზავრა. მისიას დავალებული ჰქონდა პოლიტ.-სარწმუნოებრივი და კომერციული საკითხების მოგვარება.

1611 ლისაბონში გამოიცა გ-ს ნაშრომი, რ-იც სამი ნაწილისაგან შედგება. ამ ნაშრომში არის მრავალი ძვირფასი ცნობა ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ, კერძოდ, ირანის ჯარების პირველ ყულარაღასსა და ფარსის ბეგლარბეგ ალავერდი-ხან უნდილაძეზე, მის ორ ვაჟზე – დაუდ-ხანსა და იმამყული-ხანზე. აგრეთვე ქართლის მეფე სიმონ I -სა და მანუჩარ II ათაბაგზე, ქეთევან დედოფალზე.

გ-ს საინტერესო ცნობები აქვს ქართვ. დიპლომატი ქალის – გულჩარას საქმიანობის, კახთა მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი გამაჰმადიანებული ძის კონსტანტინეს (იხ. კონსტანტინე I ) შესახებ.

თხზ.: Relaçam en que se tratam as guerras e grandes victorias que aleançan o grande Rey da Persia Xa Abbas do grão Turco Mahometto e seu pilho Amethe etc..., Lisboa, 1611.

ლიტ.: გ ი ო რ გ ა ძ ე  ბ., XVII საუკუნის დასაწყისის პორტუგალიელი ელჩის დონ ანტონიო დე გოვეას რელაციონი საქართველოზე, წგ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970.

ბ. გიორგაძე