გოზინაყი

გოზინაყი, საახალწლო ტკბილეული. წვრილად დაჭრილი და თაფლში მოხარშული ნიგოზი (იშვიათად ნუში ან თხილი). ახალი წლის მისალოცი ტაბლის – აბრამიანის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. საქართვ. ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი, რაჭა) გ. ჩურჩხელას ჰქვია.

ქართვ. ხალხის ძვ. რელიგ. რწმენა-წარმოდგენით თაფლი და ნიგოზი წმინდა საკვებად ითვლებოდა და „ბატონებს" (ბავშვთა ინფექციური დაავადება) კაკალს უკმევდნენ (ბაზმა), თაფლს კი საშობაო კორკოტში ურევდნენ. სვანეთში ლიფანალის დღეობაზე თაფლისა და რძის ნაზავს ასხურებდნენ ხოლმე იმ გზას, რ-ითაც, ვითომ, უკან ბრუნდებოდნენ მიცვალებულთა სულები.

ნ. რეხვიაშვილი