ზოიძე შოთა ახმედის ძე (დ. 2. I. 1941, ახალდაბა, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი), პოეტი. ზ-ს 1997 მიენიჭა საქართველოს სახელმწ. პრემია კრებულისათვის „უსანქციო სონეტები”. დაამთავრა ბათუმის რუსთაველის სახ. სახელმწ. პედაგოგიური ინ-ტი (1967), მოსკ. მ. გორკის სახ. ლიტ-რის ინ-ტის უმაღლესი კურსები (1977). იყო აჭარის ტელერადიოდეპარტამენტის თავ-რე (1991–93), საქართვ. მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავ-რე (1993–94), აჭარის უზენაესი საბჭოს თავ-რის მოადგილე (1994–98). საქართვ. პრეზიდენტთან არსებული ლიტ-რის, ხელოვნებისა და არქიტ. სახელმწ. პრემიების კომიტეტის წევრი. 2009-იდან ბათუმის უნ-ტის პროფესორია. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1960, პირველი წიგნი – 1968. გამოცემული აქვს წიგნები: „ათასი ზარი” (1972), „პაემანი წვიმაში” (1974), „ელდორადო” (1982), „ბათუმის წვიმა” (რუს. ენაზე, მოსკოვი, 1979); ლიტ. წერილები: „სიყვარულის გაკვეთილები” (1984), „ჯვარცმული ფიქრი” (1995; ნ. ნიკოლაძის ლიტ. პრემია). 1997 გამოაქვეყნა „საქართველოს გოლგოთა”, რ-იც ი. ჭავჭავაძის ცხოვრებას ეძღვნება. 2000 გამოსცა მონოგრაფია ა. კალანდაძეზე – „ანა დედოფალი”, 2003 – ლექსების კრებული „სვეტი ნათლისა” და ესეების კრებ. „ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აკოცა”, 2013 – „რჩეული ნაწერები” (2 ტ.). ზ-მ თარგმნა მ. ლერმონტოვის, თ. ტიუტჩევის, ა. ბლოკის, ს. ესენინის, ა. ახმატოვას, მ. ცვეტაევას, ბ. პასტერნაკის, ე. ევტუშენკოს, ი. მორიცის, ბ. ოკუჯავას, კ. სიმონოვის და სხვათა ლექსები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997). მიღებული აქვს გ. ლეონიძისა (2007) და მ. აბაშიძის სახ. (2009) პრემიები.