გოლიცინი გრიგოლ სერგეის ძე (1838, ვლადიმირის გუბ., – 1907), კავკასიის მთავარმართებელი 1897–1904; რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, განათლება მიიღო პაჟთა კორპუსში და გენშტაბის ნიკოლოზის აკადემიაში.
მსახურობდა კავკასიის არმიის მთავარ შტაბში. მეთაურობდა სხვადასხვა ნაწილებს, მ. შ. გრენადერთა მე-14 ქართ. პოლკს. 1885 სენატორი გახდა. 1893 სახელმწ. საბჭოს წევრად დანიშნეს. გ., როგორც რუს. კოლონ. რეჟიმის ტიპური წარმომადგენელი, უხეში ფორმებით ცდილობდა ამ რეჟიმის ინტერესების ცხოვრებაში გატარებას. იგი გულმოდგინედ ადგენდა ამიერკავკასიაში ე. წ. „ჭარბი მიწების" სიებს სოფლების დასაარსებლად რუსეთიდან ამიერკავკასიაში გადმოსახლებულთათვის.
1898 წ. 28 სექტ. გ-მა დაამტკიცა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული „დროებითი წესები", რ-შიც იგი მთლიანად უგულებელყოფდა ადგილ. მცირემიწიანი მოსახლეობის უფლებებსა და ინტერესებს. მის მიერ შედგენილი დოკუმენტები მოწმობს რუს. იმპ. მიგრაციული პოლიტიკის რეაქციულ არსს. გ-ის პოლიტიკა იმდენად აღიზიანებდა ამიერკავკ. ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მას თავს დაესხნენ და დაჭრეს, რის შემდეგაც საიმპერიო ხელისუფლება იძულებული გახდა 1905 დასაწყისისათვის იგი კავკასიიდან გაეწვია.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე დ., რუსული დასახლებები საქართველოში (XIX–XX სს.), წგ.: რუსული კოლონიალიზმი საქართველოში, თბ., 2008 (ავტ. კოლექტივი); Кавказский календарь на 1898, отд. III – Адрес- календарь.
გ. გ. ლორთქიფანიძე