გომი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), მტკვრის მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ნიაბი). ზ. დ. 550 მ, კასპიდან 14 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 1,0 ათ. მცხ. (2002).
გ. პირველად იხსენიება XIV ს-ში. 1398 მეფე ალექსანდრემ შეწირულობა განუახლა სვეტიცხოველს. 1559 მეფე სიმონმა გ-ის შეწირულობისა და თარხნობის წიგნი განუახლა სვეტიცხოველს. 1561 მან გ. სამოურავოდ გადასცა პაპუნა მაღალაძეს.
1619 კათოლიკოსმა ქრისტეფორემ გ. გიორგი მიწობლიძეს უბოძა სამოურავოდ, ხოლო 1624 – მაღალაძეებს. 1691 ნიკოლოზ კათოლიკოსმა გ-ში დადგა მარანი და საწნახელი.
1692 ერეკლე I-მა გ. სამოურავოდ რევაზ მაღალაძეს გადასცა. XVII ს-ში გ-ს ეწერა 31 სახასო მოლაშქრე. ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) გ-ს მოიხსენიებს თეძმის ხეობის სოფელთა სიაში.
გ-ში არის გვიანდ. ფეოდ. ხანის ციხე, მარიდაანთ კოშკი და ნათლისმცემლის ეკლესია.
ჯ. გვასალია