გომისჯვარი

გომისჯვარი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 900 მ, კასპიდან 18 კმ, კავთისხევიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 13 კმ. 32 მცხ. (2002).

გ. პირველად XVII ს-ში მოიხსენიება. ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) შეტანილი აქვს ქართლის სოფელთა სიაში. XVII ს-ში დავით გაბადაძეს ებოძა თელათგორისა და გ-ის მოურავობა. 1865 გ., 4 კომლი ქართველი მოსახლით, ხიდისთავის უბნის წინარეხის სასოფლო თემში შედიოდა.

სოფელში შემონახულია XVII ს. ნადირაანთ კოშკი. ნაგებია ნატეხი ქვით და ბათქაშით. გეგმით კვადრატული, მაღალი და მოხდენილი პროპორციების შვიდსართულიანი კოშკი სამხ. დანიშნულებისა იყო. პირველი სართული დაბალია და ყრუ, სანახევროდ მიწით ამოვსებული. შესასვლელი II სართულზეა. სართულებშუა გადახურვა ხისა იყო და ერთმანეთს მისადგმელი კიბეებითა და ლუკების საშუალებით უკავშირდებოდა. III– IV სართულებზე თითო ბუხარია, ხოლო IV–VII-ის სამხრ. ფასადზე, რ-იც სოფელსა და მის ქვემოთ გაშლილ სივრცეს გადაჰყურებს – ხის დაკიდებული აივნები ჰქონდა. აივანზე გასასვლელთა თაღები აგურისაა. ყოველ სართულზე სათოფურებია. სამხრ. შესასვლელის თავზე ჩასმულია დიდი გათლილი ქვა, რ-ზეც წარწერა იყო (გადარჩენილია მხოლოდ სამი ასო "წად"). კოშკი თარხნიშვილების საკუთრება იყო.

მთელი ეს კუთხე ისტორიულად თარხანმოურავებს ეკუთვნოდათ. აქ მრავალი ეკლესია და თავდაცვითი ნაგებობა ყოფილა. თვით გ-ში ადრე 4 ეკლესია მდგარა, ახლა მხოლოდ ორიღაა შემორჩენილი. ერთი მათგანი იოანე მახარებლის სახელზეა აგებული. მის აღმ. ფასადზე, სარკმლის ზემოთ, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია „გოლგოთის ჯვარი" და 2 შეისრულთაღოვანი ნიში. დას. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო რუხი-მოწითალო ქვა (დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). ქვაზე ამოკვეთილი წარწერის თანახმად ეკლესია 1684 აუგია ლევან ბატონიშვილს, ვახტანგ V-ის შვილს.

აქვე მახლობლად შემორჩენილია აგურით ნაშენი კამარიანი ნაგებობის, სავარაუდოდ აბანოს ნაშთი. სოფლის განაპირას სამხრ.-დას-ით, სასაფლაოზე დგას XVI– XVII სს. წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., წინარეხი – გომისჯვარი – სასხორი, «საქართვ. მეცნ. აკად. მოამბე», 1943, ტ. 4, №6; მისივე, XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960.

ვ. ბერიძე

ჯ. გვასალია