1. დასახლებული ადგილი ძველ ქართლში. "დაბ" – ფუძის თავდაპირველი მნიშვნელობა, როგორც ვარაუდობენ, იყო მიწა, შემდეგ – დამუშავებული ადგილი. დ. ადრე გვაროვნ.-თემური ერთეული უნდა ყოფილიყო, ხოლო გვიან – სასოფლო-სამეზობლო თემი და უმცირესი ადმ.-ტერ. ერთეული. აქედან გამომდინარე, ის თავდაპირველად ცალკეული გვარის სამეურნ. და კოლექტიური მფლობელობის ობიექტი უნდა ყოფილიყო, ხოლო შემდეგ, ინდივიდ. მეურნეობისა და მიწაზე კერძო საკუთრების არსებობის პირობებში – სხვადასხვა გვარის სამეურნ. ერთობა, გარკვეული თემური ორგანიზაცია უმცირესი ტერიტ. ერთეულის ფარგლებში. დ-იდან არის ნაწარმოები ტერმ. „მდაბიური“ („მეთემეს" მნიშვნელობით).
IX ს-იდან „დ-ს" თანდათან ცვლის „სოფელი", რაც სოც. განვითარების გარკვეულ საფეხურს უნდა გამოხატავდეს.
2. ქალაქის ტიპის დასახლებული პუნქტი, თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილ. თვითმმართველობის ტერიტ. ორგანო. დ-ის ტერიტორიაზე არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნ. მეურნეობა, სამკურნალო და სოც.-კულტ. დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილ. ეკონ.-კულტ. ცენტრის ფუნქციას, ამასთანავე არ გააჩნია სას.-სამ. საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დ-ის ტერიტ. ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული – არის ადგილ. თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რ-საც 1 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (საქართვ. ორგ. კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ", 2008; მ. 1. პ. „დბ", „ზა",მ. 42).
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 8, თბ., 1975; ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV–VIII საუკუნეებში, თბ., 1979; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.
ა. ბოგვერაძე