ვასაძე იური კარლოს ძე

ი. ვასაძე 

ვასაძე იური კარლოს ძე (31. III. 1930, სოფ. ასკანა, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 9. IX. 2006, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1948–51 სწავლობდა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინ-ტის ისტ. ფაკ-ტზე, 1951–54 – თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრ. მუს. სკოლაში ვოკალის განხრით (პედაგოგები: ვ. ქაშაკაშვილი, ს. ინაშვილი). 1954–56 მუშაობდა თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში გუნდის მომღერლად. 1961 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის მუს. კომედიის ფაკ-ტი (პირველი გამოშვება). ამავე წლიდან მუშაობდა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრში (ამჟამად ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიისა და დრამის თეატრი) წამყვან მსახიობად. ვ-ის დებიუტი შედგა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრის სცენაზე 1960 (ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს) სპექტაკლ „ქალთა აჯანყებაში” (ქურდი ჰანსენი, რეჟ. მ. თუმანიშვილი). 1977–81 პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმთან” არსებულ „თეატრალურ სახელოსნოში” (სამხატვრო ხელმძღვ. მ. თუმანიშვილი). შესრულებული აქვს 80-მდე როლი, რ-თაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ვანო (ა. კერესელიძის „ჯაზომანია”), ბიძინა გრიგორიჩი (შ. მილორავას „სამი უფროსის მსახური”), დომენტი (გ. ცაბაძის „შესანიშნავი სამეული”), სიმონიკა (ვ. ცაგარეიშვილის „მზის დაბნელება”), ბუხუტი წილოსანი (ს. ნასიძის „სტუდენტები”), ყვარყვარე თუთაბერი (ნ. გაბუნიას „ყვარყვარე”) და სხვ. გადაღებულია კინოფილმებში (ოთარი, „ერთის ნახვით შეყვარება”, რეჟ. რ. ესაძე; ყანდური, „დათა თუთაშხია”, რეჟ. გ. ლორთქიფანიძე; მიხაკო, „სიყვარული ყველას უნდა”, რეჟ. გ. შენგელაია და სხვ.). ვ-ის შესრულებისათვის დამახასიათებელი იყო პროფესიონალიზმი, უშუალობა, ვოკალის ფლობა და მიზანდასახული გამოყენება სცენური სახის შესაქმნელად.