ვაშაკიძე თამარ ვლადიმერის ასული (დ. 8. IV. 1957, თბილისი), ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2001). 1980 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი ქართველური ენების სპეციალობით. 1980-იდან მუშაობს არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტში. 2006-იდან არის ამავე ინ-ტის ქართ. მეტყველების კულტ. განყ-ბის ხელმძღვანელი. 1996–2006 პედ. საქმიანობას ეწეოდა ს.-ს. ორბელიანის სახ. სახელმწ. პედაგოგიურ უნ-ტში. ვ-ის კვლევის მიმართულებებია ქართ. ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, სემანტიკის საკითხები; მეტყველების კულტურასა და ორთოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები; კომპიუტერული ლინგვისტიკა. ვ. ავტორია მონოგრაფიისა „ზმნის აღწერითი წარმოება ძველ ქართულში” (1993). მისი ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოცემულია ლექსიკონები, მ. შ. „ჟურნალისტის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი” (2009) და „პარონიმების ლექსიკონი” (2010).