გორგული, სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ადიგენი, იმერთუბანი, იჯარეთი). ზ. დ. 1200 მ, ადიგენიდან 1 კმ, ახალციხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 30 კმ. 169 მცხ. (2002).
სოფელში სიძველეთაგან აღარაფერია შემორჩენილი. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, 1595 გ. შედიოდა ახალციხის ლივის უდის ნაჰიეში (რ-ნი). ცხოვრობდა სამი კომლი ქრისტიანი ქართველი: ვარძელ მარცვალასძე, გოგოჩა ძე მისი, პაპუნა ძმა მისი. გ-ში გაბრიელ აზნაურის მიწა მფლობელობაში ჰქონია მხედარს, სახელად ჰამზას. სოფელში მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, ჰქონდათ ბოსტნები; ჰყოლიათ ცხვარი, ღორი, ფუტკარი. იხდიდნენ გადასახადს – წლიურად 4500 ახჩას. 1870 გ-ში ხუთი კომლი ირიცხებოდა.
ამჟამად იქ იმერეთიდან და აჭარიდან გადმოსული მოსახლეობა ცხოვრობს.
წყარო: ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2–3, თბ., 1941–58.
დ. ბერძენიშვილი