ვახნიანსკი მოსე აბრამის ძე

ვახნიანსკი მოსე აბრამის ძე (22. X. 1899, ნოვი-ბუგი, ნიკოლაევის ოლქი, უკრაინა, – 7. IV. 1964, თბილისი), რუსი რეჟისორი და მსახიობი. თბილ. მოზარდ მაყურებელთა რუს. სახელმწ. თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 დაამთავრა თბილ. IV ვაჟთა გიმნაზია. 1919–20 მონაწილეობდა ავჭალის აუდიტორიასთან არსებულ რუს. დრამწრის წარმოდგენებში. 1921–22 მსახიობად მუშაობდა თბილ. პროლეტკულტის რუს. თეატრში, 1922–24 – მოსკ. სამხატვრო თეატრში რეჟისორის თანაშემწედ (პარალელურად სწავლობდა ამავე თეატრის მე-2 სტუდიაში), 1924–27 კი მოღვაწეობდა – ბაქოსა და თბილ. თეატრებში. 1927–31 და 1945–64 თბილ. მოზარდ მაყურებელთა რუს. სახელმწ. თეატრის რეჟ. იყო, ხოლო 1943–45 – მაგადანის სახელმწ. დრამ. თეატრისა. მნიშვნელოვანი დადგმები: ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი”, „შემოსავლიანი ადგილი”, ს. მიხალკოვის „საგანგებო დავალება”, გ. ვლადიჩინასა და ო. ნეჩაევის „მშვენიერი ვასილისა”, ვ. კატაევის „პოლკის შვილი”, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი” და სხვ.