გორდეევი გრიგოლ სერგეის ძე (1791–1838), რუსი ეთნოგრაფი, მწერალი, ტოპოგრაფი.
1815–38 მოღვაწეობდა საქართველოში. 1830–32 იყო გაზ. „ტიფლისსკიე ვედომოსტის" მთ. რედაქტორის მოადგილე. ამ გაზეთში გამოქვეყნებული აქვს მრავალი საყურადღებო ეთნოგრ. ნარკვევი. აქტიურად მონაწილეობდა ეკლესია-მონასტრებში შემონახული ხელნაწერების შეგროვებაში.
1828–29 ფეხით შემოიარა ხევი და მთიულეთი, დაწერა ნაშრომი „მთიელ ხალხთა ყოფა", რ-იც შესულია მის ოთხტომეულში – „რუსეთის იმიერკავკასიური სამფლობელოების მიმოხილვა სტატისტიკური, ეთნოგრაფიული, ტოპოგრაფიული და ფინანსური თვალსაზრისით" (ტ. 2, 1836, გვ. 79–155).
აღსანიშნავია გ-ის „ოსური მოთხრობა ზარე", რ-იც 1830 გამოქვეყნდა გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტიში" (№88). ამ მოთხრობას ორი წლის შემდეგ გამოეხმაურა გ. ერისთავი გაზეთში „სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი" (1832, №2–4) წერილით „ოსური მოთხრობა". 1832 „ტიფლისსკიე ვედომოსტიში" (№ 3–4) გ-მა გამოაქვეყნა კრიტ. წერილი, რ-შიც ამხილა რეაქციონერი, შოვინისტი, ქართველთა ცილისმწამებელი ავტორები.
გ-ის თხზულებები არ იყო დაზღვეული სერიოზული ხარვეზებისგან. მისი წერილი „საქართველოს უკანასკნელ მეფეთა დაკრძალვის წესები" („ტიფლისსკიე ვედომოსტი", 1832, №1) მწვავედ გააკრიტიკა ს. დოდაშვილმა („სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", 1832, № 3).
ვ. შადური