ვედისი

ვედისი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, IX–X სს. ეკლესია. მდებარეობს ისტ. საქართველოს ერთ-ერთი პროვინციის – ჰერეთის ტერიტორიაზე (ახლანდ. აზერბ. რესპ. შაქის რ-ნის სოფ. ვე-დისის მახლობლად). ეკლესიას აღმ-ით მკვეთრად გამოსახული ნალისებრი მოყვანილობის აფსიდი აქვს. ნალისებრია სატრიუმფო თაღიც. აფსიდის ჩრდ. და სამხრ. გვერდებში 2 საკმაოდ ღრმა ნიშია. მსგავსი ნიში ჩანს სამხრ. კედლის საკურთხევლის მიმდებარე მონაკვეთშიც. ეკლესია ნათდებოდა აღმ., სამხრ. და დას. კედლებში გაჭრილი სარკმლებით. ეკლესიის ერთადერთი დეკორ. ელემენტია სატრიუმფო თაღის მარტივი ფორმის კაპიტელი. შენობას ორი შესასვლელი აქვს – სამხრ-ით და დას-ით. დას. კარი გარედან დასრულებულია ნალისებრი თაღით. ეკლესია გარედან სუფთად გათლილი, არათანაბარი ზომის, მაგრამ სწორრიგებად ნაწყობი კვადრებით არის შემოსილი. კედლების შიგა პირი ნაგებია რიყის შერჩეული ქვით. ღიობთა წირთხლები და სატრიუმფო თაღის კუთხეები შირიმითაა ამოყვანილი. შირიმისავე კვადრებითაა ნაწყობი კამარაც. ფასადები დასრულებულია სადა, მოურთავი კარნიზით.

გ. მარჯანიშვილი