ვერეშჩაგინი ვასილ ვასილის ძე

ვერეშჩაგინი ვასილ ვასილის ძე [14 (26). X. 1842, ჩერეპოვეცი, ნოვგოროდის გუბ., _ 31. III (13. IV). 1904, პორტ-არტური], რუსი ფერმწერი, ბატალისტი. სწავლობდა პეტერბ. სამხატვრო აკადემიაში (1860-63), აგრეთვე პარიზში (1864-65) ჟ. ლ. ჟერომის ხელმძღვანელობით. ბევრს მოგზაურობდა რუს. სხვადასხვა მხარეში, დას. ევრ. ქვეყნებში, სირიაში, პალესტინაში, ინდოეთში, იაპონიასა და აშშ-ში. საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ კავკასიაში იყო და ერთ ხანს ხატვას ასწავლიდა თბილ. ერთ-ერთ ქალთა სასწავლებელში. აქ მხატვარმა შექმნა კავკ. ტიპების პორტრეტები, რ-თაც უფრო ეთნოგრ. მნიშვნელობა აქვთ. ვ-ის მიერ თბილისური ცხოვრების ამსახველი ჩანახატები (სამი ალბომი) გამოირჩევა მხატვრული ოსტატობითა და გემოვნებით. მხატვრის ნამუშევრები ექსპონირებული იყო თბილისში მოწყობილ სამხატვრო გამოფენებზე.