გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სერგი მაკალათიას სახელობისა, დაარსდა 1935 საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატთან გორის საზოგადოებრიობის ინიციატივითა და ი. ჯავახიშვილის, ს. მაკალათიასა და ი. ყიფშიძის მხარდაჭერით, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
1943 გადაკეთდა ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმად, და 2005 ს. მაკალათიას სახელი ეწოდა.
2008-იდან გ. ი.-ე. მ. არის არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირი (ააიპ).
გ. ი.-ე. მ-ის ექსპონატები შეგროვდა საველე-საექსპედიციო და სამეცნ.- კვლ. იმ მუშაობის შედეგად, რ-იც ფართოდ გაიშალა მუზეუმის დაარსების პირველივე წლებიდან და ატარებდა რეგიონში კომპლ.-ინტენს. კვლევის ხასიათს. საექსპედიციო მონაპოვრების ბაზაზე შეიქმნა ძირითადი ფონდი, რ-იც თანდათან მდიდრდებოდა ქართ. მატერ. და სულიერი კულტურის ამსახველი მნიშვნელოვანი ექსპონატებით.
1938 გაიხსნა პირველი სტაციონარული ექსპოზიცია. 50-იანი წლებიდან მუზეუმი იქცა შიდა ქართლის სათავო მუზეუმად.
2010 წ. 1 იანვრისათვის მუზეუმის ფონდი მოიცავდა 85 ათ-მდე ექსპონატს: არქეოლ., ეთნოგრ., ნუმიზმატიკურ მასალას, ქართ. და არაბულენოვან ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერ და პირველნაბეჭდ წიგნებს, სიგელ-გუჯრებს, საარქივო მასალებს, ფოტოთეკას, სამეცნ. ბ-კას, სადაც დაცულია პერიოდული გამოცემებიც. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ადრინდელი ბრინჯაოს ხანის მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის იარაღები, ლითონწარმოებისა და მცირე ქანდაკების ნიმუშები და სხვ. სახის მასალა, რ-იც წარმოდგენას გვაძლევს წინა აზიისა და ქართველურ ტომთა უძველესი კულტურების მჭიდრო კავშირზე.
არქეოლ. ფონდი მდიდარია ტყვიავის ყორღანების, დვანის ნეკროპოლის, გუდაბერტყას ნამოსახლარის, ხიზანაანთ გორის, ხელთუბნის, თედოწმინდისა და სხვ. ექსპედიციების დროს აღმოჩენილი თუ შიდა ქართლში მიწის სამუშაოების დროს შემთხვევით ნაპოვნი უნიკალური ექსპონატებით. ესენია: ბრინჯაოს დიადემები (გუდაბერტყა, ძვ. წ. XXIX–XXVII სს.), ღვთაებათა ანთროპომორფული მცირე ფიგურები (დვანი, ძვ. წ. VI–V სს.), ბრინჯაოს სატევარი, დანა, ისრის პირი (თედოწმინდა, ძვ. წ. XXVIII–XXV სს.), დიაბაზის ლახტის თავი (ტყვიავი, ძვ. წ. XXIX ს.).
ეთნოგრაფიული ფონდის განსაკუთრებულ ნაწილს წარმოადგენს იშვიათი ტექნოლოგიით მოქსოვილი ქირმანშალი, სამოსლისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექცია, ჭედური ხელოვნების ნიმუშები, შრომისა და ბრძოლის იარაღები – დაწყებული უძველესი კაჟის სატევრებიდან, დამთავრებული XX ს-ში დამზადებული ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით (ხმალი „ბაწარაული", სოლომონ I-ის მოვერცხლილი თოფი წარწერით), კერამიკული და ვერცხლის ჭურჭელი, მუსიკალური ინსტრუმენტები (ერეკლე II-ის ნაქონი საზი), საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ხის დეტალები (დედაბოძები, მოაჯირები).
ნუმიზმატიკურ ფონდში დაცულია ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მონეტები: კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, XV ს-ის გორის განძი, ძვ. აღმ. და ანტ. ქვეყნების ფულის ერთეულები, ბაბილონური ობოლო (ძვ. წ. IV ს.), სასანიდური (III ს.), პანტიკაპონის (ძვ. წ. IV ს.), მილეთის (ძვ. წ. VI ს.), პართიის, ტრაიანეს, ათენას, ალექსანდრე მაკედონელის დრაქმა, ებრაული შეკელი და სხვ.
მდიდარი მასალაა დაცული ხელნაწერთა განყ-ბაში; ხელნაწერი წიგნებიდან აღსანიშნავია: კარაბადინის ფრაგმენტი (1667), 1729 გადაწერილი ვახტანგ VI-ის „დასტურლამალი", „ამირანდარეჯანიანი", „ყარამანიანი" (1777), X–XI სს-ის ეტრატი, XII– XIII სს. პალიმფსესტი, ქართველ მეფეთა მიერ გაცემული სიგელები და გუჯრები (XIV–XVIII სს.), პირველნაბეჭდი წიგნებიდან – „კონდაკი" (1710), გაზ. „ივერია" (1877) და სხვ.
გ. ი.-ე. მ-ის შემადგენლობაში შედის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი (გორი), საბრძოლო დიდების მუზეუმი (გორი), ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმი (სოფ. არბო), ალ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმი (სოფ. ძევერა).
გ. ი.-ე. მ. სისტემატურად აწყობს სამეცნიერო სესიებს, მოძრავ და ერთდროულ გამოფენებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, ამზადებს და სკოლებთან ერთად ახორციელებს პროექტებს ეროვნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
თ. სოსანიძე