გორის სამუსიკო სასწავლებლის ქალთა კამერული გუნდი, მუსიკალური კოლექტივი. დაარსდა 1970 სასწავლებლის დირექტორის, ხელოვნ. დამს. მოღვაწის ა. კაჭარავას თაოსნობით.
გუნდის შემოქმედებითი სახე განსაზღვრა მისმა უცვლელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთ. დირიჟორმა, საქართვ. სახ. არტისტმა შ. მოსიძემ. რეპერტუარშია მსოფლიო კლასიკური მუსიკა და ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
გუნდმა წარმატებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა (გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, მალტა, რუსეთი, სომხეთი და სხვ.). გუნდი 1989 მიწვეული იყო პარიზში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის 200 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე, არის ახალგაზრდული საერთაშ. საგუნდო ფედერაციის „ევროპაკანტატის" წევრი (1989).
უცხოელი სპეციალისტები გუნდს „მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ" მიიჩნევენ, ხოლო მის ხელმძღვანელს შ. მოსიძეს „ბგერის ჯადოქარს" უწოდებენ. გუნდის საშემსრულებლო ხელოვნება გამოირჩევა ფართო დიაპაზონით, ხავერდოვანი დაბალი რეგისტრით, დინამ. ექსპრესიულობით, ჟღერადობის ორკესტრული ფერადოვნებით (გუნდის სოლისტია საქართვ. დამს. არტისტი მ. აბულაძე).
გუნდის არსებობამ განაპირობა 1985 საგუნდო ზეიმის მოწყობა გორში, რასაც მოჰყვა საგუნდო მუსიკის გორის საერთაშ. ფესტივალის დაარსება (1986, 1988, 1990, 1996), რ-ის მონაწილენი იყვნენ საგუნდო კოლექტივები ევრ. და აზიის ქვეყნებიდან (რუსეთი, საფრანგეთი, იაპონია, ესპანეთი და სხვ.). იაპონურმა ფირმა „სონიმ" გამოუშვა გ. ს. ს. ქ. კ. გ-ის ორი კომპაქტ-დისკი (1995–2003), რ-ზეც ჩაწერილია ქართ. მუსიკა.
1997 საქართვ. ტელეფილმმა გადაიღო ფილმი „შალვა მოსიძე".
2003 წ. ოქტ-ში გუნდმა ანსამბლ „რუსთავთან" ერთად კონცერტი გამართა ლონდონის საგუნდო ფესტივალზე "როიალ-ჰოლში".
ლიტ.: წ უ რ წ უ მ ი ა რ., გორის სამუსიკო სასწავლებლის გოგონათა გუნდი, «საბჭოთა ხელოვნება», 1974, №11.
რ. წურწუმია