ვნების კვირა, აღდგომის წინა დიდმარხვის ბოლო კვირა. ეკლესია მძიმე მარხვით აღნიშნავს ქრისტეს ვნების (ტანჯვის) დღეებს. ვ. კ-ის ყოველი დღე „დიდად” იწოდება: დიდ ორშაბათს მოიხსენიება იესო ქრისტეს სასწაული ლეღვის ხის გახმობასთან დაკავშირებით; დიდ სამშაბათს იკითხება ქრისტეს უკანასკნელი საუბრები მოწაფეებთან და მისი უკანასკნელი იგავი; დიდი ოთხშაბათი უკავშირდება ქრისტეს ყოფნას ბეთანიაში, სიმეონ კეთროვნის სახლში; დიდ ხუთშაბათს მოიხსენიება საიდუმლო სერობა – ამ დღეს საკათედრო ეკლესიებში ბასილი დიდის ლიტურგიის შემდეგ სრულდება „ფერხთაბანის” წესი, საპატრიარქო ტაძრებში კი – მირონის კურთხევა; დიდ პარასკევს იკითხება „ათორმეტი სახარება” (მაცხოვრის ვნება), მწუხრზე იხსენიებენ მაცხოვრის დასაფლავებას, ხდება „გარდამოხსნის” შემოსვენება; დიდ შაბათს ცისკრისას სრულდება „გარდამოხსნის” თაყვანისცემა, ჟამნობას მოსდევს მწუხრი და მოჰყვება ბასილი დიდის ჟამისწირვა.