ვაგნერი (Wagner) ვილჰელმ რიხარდ (22.V.1813, ლაიფციგი, – 13.II.1883, ვენეცია), გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუს. მწერალი და თეატრალური მოღვაწე. 1842–49 იყო დრეზდენის ოპერის კაპელმაისტერი. მონაწილეობდა 1849 მაისის დრეზდენის აჯანყებაში, რ-ის დამარცხების შემდეგ 13 წელი დევნილი იყო. 1872-იდან ცხოვრობდა ბაიროითში, სადაც 1876 დააფუძნა ვაგნერის ბაიროითის თეატრი (აქ ყოველწლიურად იმართება ვაგნერის საოპერო მუს. ფესტივალი). ვ. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი და საოპერო ხელოვნების უდიდესი რეფორმატორია. მისი ოპერები: „მფრინავი ჰოლანდიელი” (1841), „ტანჰოიზერი” (1844) და „ლოენგრინი” (1848) წარმოადგენს ახ. ერას ეროვნ.-რომანტ. მუს. თეატრის ისტორიაში. ვ-ის საოპერო რეფორმამ თეორ. გააზრება პოვა მის ნაშრომებში: „ხელოვნება და რევოლუცია” (1849), „მომავლის მხატვრული ნაწარმოები” (1850), „ოპერა და დრამა” (1851), „მიმართვა მეგობრებისადმი” (1851). ცენტრ. ადგილი ვ-ის საოპერო შემოქმედებაში უკავია მონუმ. ციკლს „ნიბელუნგის ბეჭედი”. ამ ტეტრალოგიისა და აგრეთვე მუს. დრამის „ტრისტან და იზოლდეს” დრამატურგია ემყარება მუს. უწყვეტ მდინარებას („უსასრულო მელოდია”), ოპერის სიმფონიზაციისა და ლაიტმოტივების სისტემას. ვ-ის მუს. დრამები დაწერილია გერმ.-სკანდინავიური მითოლ. სიუჟეტებზე. აღსანიშნავია რეალისტური ყოფითი კომედიური ოპერა „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები”. ვ. იყო სადირიჟორო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მრავალმხრივია მისი სალიტ. მოღვაწეობაც. ავტორია ოპერის ლიბრეტოების, დრამების, რეცენზიების, ხელოვნების ისტ. ნარკვევების, პოლიტ. და ფილოს. ხასიათის სტატიების. ვ-მა უდიდესი გავლენა იქონია მისი თანამედროვე და მომდევნო ეპოქების მსოფლიო მუსიკაზე. ვ-ის ოპერებიდან თბილისში დადგმულია „ტანჰოიზერი” (1886), „ლოენგრინი” (1890, 1922, 1973) და „მფრინავი ჰოლანდიელი” (1976).
ლიტ.: დ რ უ ს კ ი ნ ი მ., საზღვარგარეთის ქვეყნების მუსიკის ისტორია, თბ., 1978.