ვაგნერი (Wagner) მორიც (3. X. 1813, ბაიროითი, – 30. V. 1887, მიუნხენი), გერმანელი მოგზაური, გეოგრაფი და ბუნებისმეტყველი, მიუნხენის უნ-ტის საპატიო პროფესორი და ბავარიის მეცნ. აკად. წევრი. 1843–46 ვ-მა მოიარა შავიზღვისპირა ქვეყნები, კავკასია, ქურთისტანი და სპარსეთი. 1852–55 იმოგზაურა ჩრდ. და ცენტრ. ამერიკასა და ვესტინდოეთში, 1856–60 – სამხრ. ამერიკაში. თავისი მოგზაურობა აღწერა რამდენიმე ნაშრომში. ცნობები საქართველოს შესახებ დაცულია წიგნში: ,,მოგზაურობა კოლხეთსა და კავკასიის იქითა მხარეს მდებარე გერმანულ კოლონიებში” (ლაიფციგი, 1850), რ-იც შედგება წინასიტყვაობისა და ათი თავისაგან. I და II თავები ძირითადად ეხება თბილისის აღწერას, წარმოდგენილია ქალაქის გარეგანი სახე, მისი ქუჩები, მოედნები, სახლები, ბაზრები, აბანოები, ეკლესიები, სასახლეები, ბაღები. მისი აზრით, ,,...ტფილისის კლდეთა სარტყლის სერიოზული სიმშვენიერე, უცხო, ჭრელი მრავალფეროვნება აღმოსავლური და ევროპული შენობებისა, რომლებიც ველური მთის მდინარის მაღალ ნაპირებს ამშვენებს, ასევე საკმაოდ მომაჯადოებელი ხედები – დეკორაციის დიდებული ბრწყინვალებით აჭარბებს საუცხოო პრაღას, რომელიც ერთგვარად ჰგავს ტფილისს და გერმანიის სახელმწიფოს ქალაქებს შორის ტოლი არ ჰყავს”. ვ. ვრცლად ეხება ქალაქის მოსახლეობას, მის ეროვნ. შემადგენლობას, სხვადასხვა ეროვნებათა ბუნება-საქმიანობას, ჩაცმა-დახურვას, საცხოვრებლებს, შეძლებას, ადარებს მათ ერთმანეთს. დიდ ადგილს უთმობს ქართველ ქალთა აღწერას: ,,ხანდახან შეამჩნევ მოსასხამშემოხვეული ქართველი ქალის დიდებულ ფიგურას, რომელიც რომაელი ქურუმი ქალის ქანდაკებას ჰგავს...”. ვ. ეხება სარწმუნოებას, ღვთისმსახურებას და სწავლა-განათლების საქმეს თბილისში. ვ. საინტერესოდ აღწერს და ახასიათებს სხვადასხვა ისტ. პირებს: მთავარმართებლებს, გენერლებს, რიგით მოქალაქეებს, გერმ. კოლონისტებს. როგორც გერმანელი, საკმაოდ კრიტიკულად უყურებს რუს. მთავრობის საქმიანობას კავკასიასა და თბილისში. წიგნის III–V თავებში ვ. გადმოგვცემს საქართველოში არსებული გერმ. კოლონიების დაარსების ისტორიას და მათ თანამედროვე მდგომარეობას, სამეურნეო თუ სულიერ ცხოვრებას. VI თავი ეთმობა ვ-ის მოგზაურობას თბილისიდან ქუთაისისკენ; გვაცნობს ქუთაისის საინტერესო სურათს; ეხება კაპუცინთა მოღვაწეობას საქართველოში, მათ როლს ადგილ. მო-სახლეობის განათლების საქმეში და ა. შ. წიგნის VII–IX თავები ეხება ვ-ის მოგზაურობას იმერეთსა და სამეგრელოში. ვრცლად აღწერს რედუტ-კალეს (ყულევი), ფოთის ციხეს, მის ისტორიას და მნიშვნელობას რუს. მთავრობისთვის; ზუგდიდს და დადიანთა რეზიდენციას. X თავი დათმობილი აქვს სამეგრელოს სოც. მდგომარეობის აღწერას, აგრეთვე მის მოგზაურობას ლაზეთში. აღგვიწერს ბათუმის ნავსადგურს და გვთავაზობს ლაზების ზოგად დახასიათებას.
გამოც.: მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ. გერმ. ტექსტი თარგმნა, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გ. გელაშვილმა, თბ., 2002.
გ. გელაშვილი