ვადაჭკორია ბადრი ნიკოლოზის ძე

ვადაჭკორია ბადრი ნიკოლოზის ძე (დ. 29. V. 1947, ლანჩხუთი), ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2003), დამს. ჟურნალისტი (2019); დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1977). მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეც. კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის” საკუთარი კორესპონდენტი ცენტრ. და აღმ. ევრ. ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის”, „ახალგაზრდა კომუნისტის” სპეც. კორესპონდენტი. 1994–98 მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშ. ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი: საქართვ. ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშ. ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერ. პრიზის „ოქროს ფრთის” ლაურეატი (2005). მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია, მ. შ.: ,,თბილისზე მზრუნველის" საპატიო წოდება  (2017); ალ. როინაშვილის სახ. საპატიო დიპლომი (2018); წმ.ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ ,,ივერიის" სახ. პროზა-პოეზიის საერთაშ. პრემია (2014,2022). არის მექსიკის ხელოვნების საერთაშ. ფესტივალის FINI მონაწილე და გამარჯვებული (2021).

მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული” (2007, I ტ.), პროექტი ,,ჩემი საქართველო", გამომცემლობა ,,პალიტრა L"-თან ერთად (2015-2023, 1-14 ტ.),  ,,საქართველო და რეგიონები" (2023).